„ოცნების“ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გახარიას პარტიის ინიციატივას.
საკითხი პლენარულ სხდომაზე, ხმაურის ფონზე, დღეს, 17 დეკემბერს განიხილეს.
პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს ძალის გამოყენებისას დაირღვა როგორც შიდა საკანონმდებლო, ასევე საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც, შესაძლოა, ზიანი მიადგა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პარტიის განცხადებით, ამ ეჭვის საფუძველი გახდა BBC-ის რეპორტაჟი, რომელშიც საუბარია აქციის დაშლისას გამოყენებულ შესაძლო ქიმიურ ნივთიერებებზე.
კომისიის შექმნას „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. „ოცნების“ პარლამენტის გადაწყვეტილებას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პლატფორმა X-ზე ინგლისურენოვანი განცხადებით გამოეხმაურა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა „საქართველოსთვის“ ინიციატივა, შეექმნათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა მშვიდობიანი პროტესტების დაშლის დროს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებას, BBC-ს რეპორტაჟზე დაყრდნობით.
„ქართულ ოცნებას“ საჯარო გამოძიების ეშინია, რადგან ეს გამოავლენს, ვინ გასცა ბრძანება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე და გარდაუვლად გამოიწვევს იმის დადგენას, თუ როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ავტორიზაცია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების გვერდის ავლით.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით კმაყოფილია, ხოლო „ქართული ოცნება“ უარს ამბობს პარლამენტის მექანიზმების გამოყენებაზე სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად, ფაქტების გამოვლენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“, – წერს გახარია.