ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად

პუბლიკა

„მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. „ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად. 

„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებით უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა,რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.

ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

…. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას. ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით, ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.

… ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგო უსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „რუსნეფტს“, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა.

დღეს, 18 დეკემბერს გამოქვეყნებული სანქციები შეეხება 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, სანქციები დაუწესეს უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, Tatneft-ს, Russneft-ს, Rusneftegaz-სა და HNK-Oil-ს.

ბრიტანეთი წერს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, კონტროლირებულ, ჩარტერულ ან მართულ გემებს ეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტში შესვლა; გემებს შესაძლოა, ეცნობოთ, რა მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილება. შეიძლება, ისინი გააჩერონ და დააკავონ. გემს არ ექნება გაერთიანებული სამეფოს გემების რეესტრში რეგისტრაციის უფლება, ან შესაძლოა გაუქმდეს მიმდინარე რეგისტრაცია.

პირის საკუთრებაში არსებულ, ჩარტერულ ან მის მიერ მართულ თვითმფრინავებს არ აქვთ დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში ფრენის ან დაშვების უფლება. თვითმფრინავს შეიძლება ეცნობოს, საით შეუძლია გადამისამართება. შესაძლოა, ის გააჩერონ ან გადაიყვანონ კონკრეტულ აეროპორტში. თვითმფრინავს არ ექნება CAA-ს რეესტრში რეგისტრაციის უფლება, ან შესაძლოა გაუქმდეს მიმდინარე რეგისტრაცია.

ბრიტანეთი წერს, თვითმფრინავებთან ან გემებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევა დაუშვებელია.