ყველაფერს ვაკეთებთ ცხინვალში გატაცებული ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო ძალებისგან გასათავისუფლებლად. მათ შორის, სახელმწიფო მინისტრი დღეს ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდება.

„სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენჯერმე ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ყველა ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოვიდეს“, – თქვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, უკვე 5 დღეა, საოკუპაციო ძალებს ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ დაკავებული. ის შაბათს რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს და, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა. დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს, რამაზ ზადიშვილს და დავით მიშელაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კი, ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.