2024 წლის დეკემბერში აქციების გამო დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე ამბობს, რომ უარს იტყვის შეწყალების თხოვნაზე და არც უდოს თხოვნაზე მოაწერა ხელი. მისი თქმით, სინდისის პატიმრების გათავისუფლების ერთადერთი გზაა, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
„როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები. ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი – არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.
არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა – რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი.
ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.
ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ“, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძე, რომლის განცხადებასაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ერთი კვირის წინ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ სინდისის პატიმრებმა შეცდომები უნდა აღიარონ.
„ადამიანებს, ვისაც სინდისის პატიმრებს ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ“, – თქვა ყაველაშვილმა.
შემდეგ კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა, გია გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) თქვა, რომ მისი სურვილია, აქციების გამო დაკავებულები წინასაახალწლოდ გაათავისუფლონ.