„დატვირთული გრაფიკი აქვს“ — ილჰამ ალიევი პეტერბურგში დსთ-ის სამიტზე არ ჩავიდა

პუბლიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ ესწრება დსთ-ის არაფორმალურ სამიტს, რომელიც დღეს, 22 დეკემბერს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იმართება.

პეტერბურგში გუშინ ჩატარდა ასევე ჩატარდა ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომა. ალიევს არც ამ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედია დღეს მიზეზებზე წერს.

კერძოდ, როგორც AZERTAC-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, ილჰამ ალიევი არ მონაწილეობდა 21 დეკემბერს გამართულ უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, რადგან აზერბაიჯანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის.

ხოლო დსთ-ის სამიტში არ მონაწილეობს, ვინაიდან დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს.

AZERTAC ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრო დსთ-ის სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომას, რომელიც 9-10 ოქტომბერს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი გაგებით მოეკიდა ალიევის გადაწყვეტილებას, არ დასწრებოდა დსთ-ის არაფორმალურ სამიტს.

„ჩვენ სრულიად გვესმის [ალიევის გადაწყვეტილება]. მართლაც, ყველა სახელმწიფოს მეთაურს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, განსაკუთრებით დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეებში“, – თქვა მან.