ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, მას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა და აეკრძალება საზღვრის კვეთა პროკურორის თანხმობის გარეშე. გირაოს გადასახდელად 30 დღე განესაზღვა.
დაცვის მხარე მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. პროცესზე ამ საკითხზე ისაუბრა ზურა ჯაფარიძემაც.
„მართლა ვერ გავიგე, შინაარსი რა არის ამ აღკვეთის ღონისძიების. თუ გაქცევაზეა საუბარი, საჯაროდ გაცხადებული მაქვს არაერთხელ, რომ მე არსად წასვლას ამ ქვეყნიდან არ ვაპირებ. ვაპირებ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი და სანამ ბოლომდე არ მივიყვან, ამ საქმით ვიქნები დაკავებული და სხვა საქმეზეც არ გადავერთვები.
…ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, რომ მე შეიძლება სადმე გავიქცე… იქ რასაც ვაკეთებ, ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც, გირაო ამას როგორ აზღვევს?
ახლა მე აქედან წავალ რუსთაველზე და ხალხს უნდა ველაპარაკო პროტესტზე და ქუჩაში გამოსვლაზე, რაზეც მეუბნებიან, რომ დანაშაულია, რაც არის სრული ბოდვა. მეორე ნაწილი – უცხოელებთან კომუნიკაცია – რაც გამოვედი, ახლაც მაქვს უცხოელებთან კომუნიკაცია, გირაო მაგას როგორ აზღვევს. ერთსაც ვაკეთებ და მეორესაც ვაკეთებ. ამიტომ შინაარსი ვერ გავიგე, რა აზრი აქვს ამ აღკვეთის ღონისძიებას”, – თქვა პროცესზე ზურა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით. ამ საქმეზე ჯამში პროკურატურამ ბრალი ოპოზიციის 8 ლიდერს წაუყენა. პროკურატურა განცხადებაში წერდა, რომ:
„…საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.
გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის.
დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.