პაპუაშვილი: პარლამენტი დაიწყებს პროდუქტებზე ფასების ფორმირების საჯარო შესწავლას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სურსათის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ვიდეოს საპასუხოდ წერს, რომ პარლამენტი კომისიას შექმნის და სურსათის ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის.

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი.

ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები.

ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“, – წერს პაპუაშვილი.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.