სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ეხო კავკაზა“ ინფორმაციას მის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელეს. უფლებადამცველმა „Сапа-ს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
როგორც მედია წერს, „ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც თამარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს სტრატეგიული ობიექტი“, – მეარყიშვილს ბრალად ედება „ჯაშუშობა საქართველოს სასარგებლოდ“.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა – დარბაზში არ შეუშვეს არც ჟურნალისტები, არც მისი ახლობლები. მეარაყიშვილს არ მიეცა მშობლების ნახვის საშუალება.
მედია წერს, რომ მეარაყიშვილი უარყოფს ბრალდებას და აგრძელებს წინა დღეს დაწყებულ შიმშილობას.
თამარ მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. ის წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ კი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად.
როგორც „კავკაზსკი უზელ“ იტყობინება, გუშინ, 22 დეკემბრის საღამოს უსაფრთხოების ძალები დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ თამარ მეარაყიშვილის ცხინვალის ბინის წინ. მათ კარზე დააკაკუნეს და მეზობლებს ესაუბრნენ. გუშინვე მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
მის მოთხოვნებს შორის იყო საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ალან გაგლოევთან და საოკუპაციო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა.
თამარ მეარაყიშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალგორსა და ცხინვალში მეორად ტანსაცმელს ჰყიდდა. გუშინდელ Facebook-Live-ში მან თქვა, რომ საქონლის შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ.