გახარიას პარტია ჩაერთვება იმ კომისიის მუშაობაში, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნების“ პარლამენტი სურსათის ფასებთან დაკავშირებით გეგმავს.
ეს პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს, 25 დეკემბერს, „პალიტრის“ ეთერში თქვა.
მისივე თქმით, „მთავრობას არ მისცემენ საშუალებას, ერთმა ქსელურმა მარკეტმა მთავრობა და სუსი გამოიყენოს მეორე ქსელური მარკეტის ჩასაძირად“.
„აუცილებლად მივიღებთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. არა მარტო სურსათზე როგორ ხდება ფასის დადგენა, არამედ საწვავზე როგორ დგება ფასი, ვის შემოაქვს საწვავი, ვინ არის ელექტროენერგიის იმპორტიორი, ვის შემოაქვს გაზი, ხორბალი, როგორ ხდება პურის ფასის დადგენა, რამდენია დღგ, იმპორტის გადასახადი. რადგან გაიხსნა ეს საკითხები, ჩვენ ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“. – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.
24 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასები 86%-ით აღემატება ევროპის ქვეყნების ფასებს.
მისი განცხადებით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი. კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებს, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლონ. მან ასევე „სთხოვა პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია“.
24 დეკემბერსვე „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „პარლამენტი კომისიას შექმნის და სურსათის ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის“.