ბურჭულაძე: არც ერთ ნორმალურ ჩვენებას არც სასამართლო და არც ბრალდება არ გაითვალისწინებდა

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დააკავეს, აბსურდულია. ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ აბსურდულია მისთვის წარდგენილი ბრალიც.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს და ბრალს. არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, რანაირად გავაკეთო კომენტარი. მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას საერთოდ არ გაითვალისწინებდა, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა“. – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის ყოფილი უფროსი, ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.

მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრალდების ვერსიით:

ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები“:

  • 2025 წლის იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით;
  • სუსი ამბობს, რომ, რადგან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლეს და მესამე პირს შორის გააფორმა „ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება“ წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. სუსი ამბობს, რომ რეალურად ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია. 
  • უწყება ამბობს, რომ მან გამოიყენა ფიქციური სესხის ხელშეკრულებებიც.
  • ბრიფინგზე ითქვა, რომ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმომავლობის დამალვის მიზნით 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის დეკლარაციაში „საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება“.

„ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, – ამბობს გამოძიება.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ესპანეთში ბინა იყიდა მისი ოჯახის მიერ 2007 და 2011 წლებში შეძენილი ორი უძრავი ქონების გაყიდვით.

მისი თქმით, ორივე ეს ქონება დეკლარირებული ჰქონდა.

„ერთი ბინა დედაჩემმა გაყიდა და ეს ეჭვს არ იწვევს ბრალდების მხარისთვისაც. მეორე ბინა, რომელიც დეკლარაციაშიც ასახული მქონდა, ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს და ფაქტობრივი მფლობელი ჰყავს – ამ ბინას აყენებენ ეჭვქვეშ.

ვაკონკრეტებ – ორი ბინით, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, შევიძინე ესპანეთის სახლი. რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით“. – თქვა ბურჭულაძემ პროცესზე.

რაც შეეხება ბრალდების იმ ნაწილს, რომ მან ბინა დეკლარაციაში არ ასახა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს:

„კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონის მე-14 მუხლი ამბობს, რომ მე ვალდებული ვიყავი, მიმეთითებინა საანგარიშგებო პერიოდის გასავალი, შემოსავალი და დადებული ხელშეკრულება. ესპანეთის ბინის ხელშეკრულება დავდე 2025 წელს, რეგისტრირებული არ იყო დეკლარაციის შევსების დროს, შესაბამისად, ქონებრვ დეკლარაციაშიც არ უნდა ამესახა.“. – თქვა მან.