უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული პირების ფულადი დახმარება და ჯანდაცვის პროგრამები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში ომის გამო საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ოჯახებზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების გაცემა 2026 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო დევნილთა სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს.

ასევე 1 აპრილამდე გახანგრძლივდა უკრაინის მოქალაქეების სამედიცინო სერვისებით სარგებლობა.

განკარგულების მიხედვით, ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სერვისები:

იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა;

დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

დიალიზი;

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;

რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.