საპროცესოს გაფორმების შემდეგ გურამ დონაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული გურამ დონაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს. გურამ დონაძემ ციხე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დატოვა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე გურამ დონაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობდა.  ის 2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს და 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის პროცესში 2020 წლის 15 აპრილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გურგენ დონაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2013 წლის 9 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით (რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შედეგად გათავისუფლდა). საბოლოოდ, 2020 წლის 15 აპრილს პატიმრობის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის შედეგად გათავისუფლებული იქნა N9 პენიტენციური დაწესებულებიდან“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.