სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლემ სხდომა, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დახურა. მანამდე სხდომის დარბაზი დაატოვებინეს ბაჩო ახალაიას ცოლს, ანი ნადარეიშვილს, რომელიც ახალაიასთან ერთად იყო დაკავებული.
პროკურორის თქმით, ამ საქმეში დადგენილია სუსის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაცია, ასევე ინფორმაციის სახით საქმეში მოთავსებულია საიდუმლო მასალები. ადვოკატები და ბაჩო ახალაია სხდომის დახურვას არ დაეთანხმნენ.
სხდომის დახურვამდე ბაჩო ახალიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, მის ცოლს დაიჭერდნენ და შვილს 10 წლით ობლად დაუტოვებდნენ.
„რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? ადამიანები რომ არ მოვიდნენ და გაიგონ ვინ არის დამნაშავე, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს? მე ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში…
რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ამ ადამიანზე [ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი] ვერ გაირკვა, ბრალდებულია თუ არა. ჩემთან ერთად დააკავეს და სუსის შენობაში გასაგებად, ქართულად, მკაფიოდ მითხრეს – ან ახლა შენს ცოლს დავიჭერთ, ან შენ დანარჩენ ადამიანებს, პაატა ბურჭულაძედან დაწყებული, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯაგალაძეს და სხვებს ამხელ ძალადობის ორგანიზებაში. აი, ეს მითხრეს ღიად აი, ამ ადამიანზე.
თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან რომ შენს ცოლს დავიჭერ და სიტყვა სიტყვით მეუბნებიან, 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ 10 წლით ობლად, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის მქონე საქმე უნდა დაიხუროს?
ეგ მითხრეს გასაგებად, ისე კარგად ვხედავდი, ახლოს მეჯდა ადამიანი, რომელიც ამას მეუბნებოდა – ან იტყვი, რომ ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები და სხვები ჩადიოდნენ… აი, 15 წუთი გაქვს, 20 წუთი გაქვს.. კაი, თუ შენ არ მონაწილეობდი, ის მაინც თქვი, რომ იცოდი, თორემ დავიჭერთ შენს ცოლს. ეს ამ საქმის ნაწილია“, – თქვა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე.
მას შემდეგ რაც მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, სხდომა ბაჩო ახალაიამაც დატოვა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.
პროკურატურის მტკიცებით, „ბაჩო ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.“
დაკავებამდე, 10 ოქტომბერს, ბაჩო ახალაია შსს-ში მოწმის სახით გამოიკითხა. გამოკითხვაზე მისი დაბარების მიზეზი გახდა 4 ოქტომბერს სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.
26 დეკემბერს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ბაჩო ახალაიასთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც 9 ოქტომბრით თარიღდება.
ინტერვიუში ბაჩო ახალაია ამბობს, რომ ეს ჩანაწერი „აბსოლუტურად გენერირებულია“ და ერთი სიტყვაც კი არ ეკუთვნის მას.
ახალაია ამბობს, რომ მასა და ბურჭულაძე-ზოდელავას შორის „კონსპირაციული შეხვედრები“ არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი „პროპაგანდის ნაბოდვარია“.
„არ ვუყურებდი სერიოზულად, რომ მაგალითისთვის, ბიძინა ივანიშვილი ეუბნება თავის მომხრეებს, რომ რაღაც გადატრიალებას მიწყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი მეჯდა ციხეში, მერე 3 წელი იყო ქვეყნიდან იყო წასული, რომელსაც კაპიკი არ გააჩნია, რომელსაც არც თავისი პარტია აქვს, არც ტელევიზია, არაფერი არ აქვს – ჩემს თავზე ვლაპარაკობ. არ მეგონა, ივანიშვილი იტყოდა თავის მომხრეებში, რომ ასეთი ტიპი უპირებს გადატრიალებას.
თუმცა რას გაიგებ, პროპაგანდას აქვს თვისება, რომ ოდესღაც პროპაგანდისტები თავად ექცევიან საკუთარი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. მათ ისე აქვთ დაჯერებული, რომ თუ ახალიას გარევენ, თუ ყოფილი ხელისუფლების სახელსა და გვარს გარევენ, თითქოს, თავიანთ მომხრეებში რაღაც კონსოლიდირებას აკეთებენ. მე მგონი, ამასთან გვაქვს საქმე“, – ამბობს ბაჩო ახალია.
ახალაიას თქმით, საქართველოში დაბრუნების დღიდან კონტროლის ქვეშაა.
„მე ღიად ვცხოვრობ, ხელის გულზე ვცხოვრობ. ჩემთან ვერ მოვა ვერავინ, ხელისუფლებამ რომ არ იცოდეს. დიდი სურვილიც რომ მქონდეს კონსპირაციული ქცევის, სრულიად გამორიცხულია. ჩვენთან ჭკვიანი კამერები ხომ დააყენეს, დიდი კამერები დაამატეს, თორემ პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ვინ გამატარებდა სადმე ისე, კონტროლის ქვეშ [ვიყავი]. დრონები დაფრინავდნენ ამიტომ, არაფერი არასდროს არ მქონია დასამალი“, – თქვა ახალაიამ.