კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. დაცვის მხარემ კი სხდომაზე დაკავებულების მიმართ 10 000 – 10 000- ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა. მოსამართლე კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განმარტა, რომ ბრალდებულ ნიზლამ შარიფოვს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – ებრძვის სიმსივნეს და ორჯერ აქვს ოპერაცია გაკეთებული.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ხათუნა კახიშვილს, ადვოკატის თქმით, ის ოჯახის მარჩენალია, რომელიც მრავალი წელია ემსახურება სახელმწიფოს, სოფლებს და ადამიანებს. მას ჰყავს 2 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ერთი მუშაობს.
„მიგვაჩნია, რომ ეს აღკვეთის ღონისძიება არის მკაცრი, ამიტომ კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში”, – თქვა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
სხდომის დასრულების შემდეგ საქმის დეტალებზე ისაუბრა პროკურორმა.
მისი თქმით, საქმეში დევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერი, რომელიც „პირდაპირ ასახავს ფაქტობრივ გარემოებებს, თუ როგორ იღებს სააგენტოს თანამშრომელი ქრთამს და ამზადებს ყალბ დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც არ ხდებოდა ხორცის შემოწმება, არ ხდებოდა პირუტყვის შემოწმება და ხდებოდა ყალბი დოკუმენტის დამზადება“.
„სქემა ასეთია, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი უშუალოდ მიმაგრებული იყო ბრალდებულის ცხოველთა სასაკლაოზე, ამ სასაკლაოზე უნდა მომხდარიყო ცხოველის მიყვანა, უშუალოდ შემოწმება, ამის შემდგომ დაკვლა და ამის შემდგომ რეალიზაციისთვის საჭირო ვეტერინარული მოწმობის დამზადება, თუმცა მათი როლი იმაში გამოიხატება, რომ ჩართული იყო სასაკლაოს დირექტორიც, მფლობელიც, მისი მეშვეობით ერთობლივად ხდებოდა ამის დაგეგმვა. იცოდა წინასწარ, რომ არავინ მიიყვანდა იქ პირუტყვს, შესაბამისად, მოხდებოდა თანხის აღება და სანაცვლოდ ყალბი დოკუემნტის გაცემა“, – თქვა პროკურორმა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 თებერვალს ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებზე დააკავეს 4 პირი, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
საქმე ეხება, აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს – სუსის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.