ადვოკატი: მზად ვართ, სამართლიან სასამართლოში ვიბრძოლოთ და დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა

პუბლიკა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს, თუმცა ამ ეტაპზე არ იციან, თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში.

ადვოკატის შეფასებით, ოთარ ფარცხალაძის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არის „უსაფუძვლო და სამართლებრივ რეალობას მოკლებული“.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან, ამიტომ სამართლიან სასამართლოში იბრძოლებენ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

„ჩვენ გიდასტურებთ, რომ ბრალი წარგვედგინა, თუმცა, ეს ბრალი რას ეყრდნობა, მასალები ჩვენ არ ვიცით. ვვარაუდობ, რომ ეს 32-ტომიანი მასალები არის წინა, სხვისი საქმეები, რომლებმაც თავი მოიყარა ერთიანად ამ საქმეში. ამიტომ კონკრეტული პირის, თუ პირთა ჩვენებები, რა დევს საქმეში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. […]

ეს არის ალბათ ის ძველი საქმის მასალები, რომელზეც სასამართლოში მიმდინარეობს საქმეები და მათ შორის ე.წ. მსჯავრდებული უძილაურის სისხლის სამართლის საქმე. ეს არ ვიცით, თუმცა ვიცით ის, რომ დაუსაბუთებლად ბრალი არის წარდგენილი. მზად ვართ, რომ სამართლიან სასამართლოში ვიბრძოლოთ, ობიექტური სასამართლოს პირობებში, რომ დავამტკიცოთ ოთარის უდანაშაულობა.

პირადად ჩემში, აღშფოთება გამოიწვია წარდგენილმა ბრალმა… იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარდგენილ ბრალს, ფაქტობრივად, არ ვაღიარებთ და არანაირი კავშირი, კომუნიკაცია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან არ გვქონია, ჩვენ, რაღა თქმა უნდა, საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, თუ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, მოვითხოვთ, არცერთი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილიყოს პირის მიმართ“, – თქვა გაგი მოსიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

შსს ამბობს, რომ ფარცხალაძის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად კი, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.