არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.