რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.
ადვოკატმა ალან ბაზზაევმა გამოცემა Сапа Цхинвал-ს უთხრა, რომ მეარაყიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – მან 10 კილოგრამი დაიკლო და უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.
„მისი არტერიული წნევა მერყეობს. ის ნორმალურად საუბრობს, მაგრამ გარეგნულად აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის. დაახლოებით 10 კგ დაიკლო.
ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს მიიჩნევს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად პატიმრად. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას გათავისუფლებამდე“, – თქვა ადვოკატმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, თამარ მეარაყიშვილს იზოლატორის ექიმები მეთვალყურეობენ და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ, თუმცა ის კატეგორიულ უარზეა.
ადვოკატის ცნობით, სამოქალაქო აქტივისტმა მშრალი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება გუშინ, 28 დეკემბერს, დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მისი შიმშილობის შესახებ გაკეთებული არაკორექტული განცხადებების შემდეგ მიიღო.
თამარ მეარაყიშვილს 24 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმის მთავრობის ცნობით, მეარაყიშვილი დაკავებულია ჯაშუშობის ბრალდებით.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, „გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრესსამსახურმა.
თამარ მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. ის წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ კი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად.
22 დეკემბერს თამარ მეარაყიშვილმა FB Live-ში განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან შიმშილობას დაიწყებდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
მის მოთხოვნებს შორის იყო საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ალან გაგლოევთან და საოკუპაციო პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა.