„საზოგადოებამ სოლიდარობა ბრძოლის იარაღად აქცია, რომელიც აუცილებლად გაარღვევს ამ სისტემის კედლებს“ | ელენე ხოშტარიას 2025

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც 2025 წელსა და პროტესტის მონაწილეთა ბრძოლაზე წერს. ბრძოლასა და სოლიდარობაზე, რომლითაც, მისი თქმით, იბადება თანამედროვე თავისუფალი საქართველო.

გაეცანით ელენე ხოშტარიას წერილს სრულად:

„პოლიტტექნოლოგიაში ასეთი ხრიკი არსებობს დღესასწაულის დამდეგს გაკეთებულ განცხადებას თუ ის სადღესასწაულო სუფრაზე შეაღწევს, აქვს შანსი, გახდეს მსჯელობის საგანი. რადგან წელს საახალწლო სუფრაზე ფიზიკურად ვერ შევაღწევ, გადავწყვიტე, ამ ხრიკს მივმართო და ასე მოგაწვდინოთ ხმა. ახალი წლის მიჯნა საუკეთესო დროა განვლილი წლის ანალიზისთვის და გეგმების დასახვისთვის, საახალწლო სუფრა კისაუკეთესო ადგილი.

ასევე ცნობილია, რომ ადამიანის ტვინი ნეგატივს უფრო ისრუტავს და აქცევს ყურადღებას, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ, მინდა ვეცადო ტვინის და ფსიქიკის ამ მახეში არ გავებათ და შეძლებისდაგვარად სრული სურათი დავინახოთ.

2025 ნეგატივის ხვედრითი წილით აშკარად გამორჩეული წელი იყოსისასტიკის, ძალადობის, ტყუილის, უტიფრობის, უსამართლობის, იმედგაცრუების მასშტაბი ხშირად ალბათ აუტანელიც კი გვეგონა. „როდემდე?“, „რამდენის ატანა შეიძლება?“, „აი, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი!“, თითქოს უფსკერო, უძირო ვარდნაში ვართ.

ის იყო ევროპაში უიქენდებზე გამგზავრება ჩვეულ ყოფად უნდა ქცეულიყო, რომ უვიზოს დაკარგვის საფრთხე რეალური გახდა; ანწუხელიძის მკვლელები დამცინავი ტონით ე.. მთავრობას აქებენ; ევროპა მტრად გამოცხადდა; პენსიონერ დევნილ ქალს ახალგაზრდა ქართველი კაცი იზოლატორში მიერეკება; ქალებს ქუჩაში ურტყამენ; პატივცემულ მასწავლებლებს იჭერენ; აშხაბადშიქვეყნის ბედს წყვეტენ“;

არც მეტი არც ნაკლები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 5000 ლარით აჯარიმებენ (ეგ ისეთია, ვინ იცის ტროტუარზე დადგომასაც იკადრებდა); პროდუქტის ფასებს სუსი არეგულირებს; ჩვენ მშობლიურ ქუჩებში ქიმიურ შხამს გვასუნთქებენ (მათ შორის სკოლის მოსწავლეებს) და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ევროპა ასე ნანატრ სიტყვებს ამბობს: „ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა!საქართველოს „ხელისუფლებისგან“ კი ისმის – „აუ გადი რა, შე დაქცეულო, მე აშხაბადში მივდივარ“. და ეს ჩამონათვალი არასრულია. და ეს ჩვენ თავს ხდება.

ამის გაცნობიერებისას შეუძლებელია, არ გაიფიქრო, ხომ არ ვიღუპებით? ან უკვე ხომ არ დავიღუპეთ. ეს სიტყვები ხშირად გვესმის გარშემო და ეს განწყობა კატასტროფის განცდას გვიჩენს.

ოღონდ ეს არ არის ჩემი სათქმელი თქვენს საახალწლო სუფრაზე. რაც მე მინდა გაგიზიაროთ და რისიც ძალიან ღრმად მჯერა არის ის, რომ 2025 წელი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, ძვირფასის, ჩვენში და ჩვენს ქვეყანაში რაღაც სრულიად ახლის დაბადების წელია.

მშობიარობა (კარგად მომეხსენება) ტკივილით სავსე პროცესია, ისეთი ტკივილით, რომელსაც მომენტებში გგონია ვეღარ გაუძლებ, მაგრამ, როგორც კი იაზრებ, რომ ამ ტკივილს შენთვის ყველაზე ძვირფასის დაბადება მოჰყვება, როცა იაზრებ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი და მისი შექმნა შენი პასუხისმგებლობაა, ასმაგად გემატება ძალა (სხვათაშორის, პატარა ლირიკული გადახვევა – მშობიარობისას სიკვდილიანობა საკმაოდ ცოტა ხნის წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ევროპულმა ცივილიზაციამ კი ის 0-მდე დაიყვანაადამიანზე ზრუნვით, ჯანდაცვით, ტექნოლოგიური განვითარებით და ძლიერი ეკონომიკით).

კი ვართ საახალწლო სუფრასთან, მაგრამ ლადო კახაძის სადღეგრძელოსავით რომ არ გამომივიდეს, ძალიან კონკრეტულ მოვლენებზე და ამ დაბადების ძალიან კონკრეტულ ნიშნებზე მინდა გესაუბროთ.

საზოგადოება, სახელმწიფო, ისევე როგორც ადამიანი, გამოწვევებზე რეაგირებაში ვითარდება, იძენს ხასიათს და სახეს. კერძოდ, ყველა გამოწვევა გვაყენებს არჩევანის წინაშეშევეგუო? თავი მოვიტყუო? ჩემი საქმე არაა, სხვამ მიხედოს და ა..  თუ ვიმოქმედო,  რადგან ეს ჩემი ქვეყანაა და პასუხისმგებლობაც ჩემია.

ეს მარტივი არჩევანი არ არის, რადგან არც ბრძოლის გზაა კომფორტული და არც გამარჯვების გარანტია არსებობს. მაგრამ შენ ამაზე არ ფიქრობ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია და თუ არ იმოქმედებ, შენშენ აღარ იქნები, შენი ქვეყანა შენი აღარ იქნება.

2024 წლის 28 ნოემბერს, სწორედ ასე იმოქმედა ქართველმა ხალხმა. თქვა, რომ ეს ჩვენი ნებაა – ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა ევროპულია. მოქალაქეებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედება.

ამ თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ ბევრ საფრთხესთან დაკავშირებული არჩევანის დროს დაიბადა ორი რამ: თავისუფალი მოქალაქე და ევროპული არჩევანი.  გაგიკვირდებათ და არ დამეთანხმებით, თავისუფალი მანამდეც ვიყავითო და ევროპული არჩევანი მთლად კონსტიტუციაში გვეწერაო. მაგრამ სინამდვილეში, თაობისთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა, შეგნებული, გააზრებული, საკუთარ ნებაზე და  რაც მთავარია პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული არჩევანი სწორედ ამ დღეებში დაიბადა.

გამოჩნდა კიდეც, რომ  ჩვენი ევროპული არჩევანის გარანტი არა კონსტიტუცია, არამედ კონკრეტული ადამიანების ნებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობენ, არავინ ამბობს კონსტიტუციაში ასე გიწერიათო.  ყველა ამბობს, მოქალაქეები ამისთვის იბრძვიანო.

თითქოს და თავისუფალი  საქართველოს მოქალაქე მათიკაშვილიც იყო, ჩვენი და მისი პასპორტი ერთნაირია, მეტიც,  ჰიმნზე ფეხზეც დგება ხოლმე, დარწმუნებული ვარ, ახალ წელს საქართველოს სადღეგრძელოსაც დალევს, მაგრამ სინამდვილეში მისი არჩევანი არის არა თავისუფლება, არამედ ფული, რაც ამ კონკრეტულ მომენტში მისგან მონობას მოითხოვს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაფასოთ, ვიამაყოთ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების ამ გააზრებულ არჩევანს, თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ არჩევანს. როგორც ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ასე მოვიპოვეთ ჩვენ ევროპული არჩევანი. ცხადია, ჯერ მხოლოდ არჩევანი. წევრობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელია.

შემდეგი!

2025 წელს კიდევ დაიბადა ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის გზაც. სრულიად განსხვავებული, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი, მხოლოდ ჩვენი თავისუფალი ნების, მხოლოდ ჩვენი ფიქრის და მოქმედების შედეგადთანამედროვე საქართველოს ბრძოლის გზა. ზედმიწევნით ნათლად ვხედავ, როგორ სწავლობენ ამ ბრძოლის გზას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძალიან უკმაყოფილოები ვართ საკუთარი თავით, უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა, რომელსაც ვებრძვით, არის აბსოლუტურად არათანაზომადი ჩვენს ძალებთან და ამასთან ერთად თავისი არსით არის სრულიად ახალი ტიპის ავტორიტარიზმი.

ამ ტიპის რეჟიმთან ბრძოლის რეცეპტები და გამოცდილება არ არსებობს. ცხადია,  არსებობს ზოგადი პრინციპები. მაგალითად,  როგორც ვერცერთ დაავადებას დაჟინებული მზერით ვერ მოარჩენ სულ რომ არასდროს მოწყვიტო თვალი, ასევე სიზარმაცით, სიყალბეში ცხოვრებითა და თავის მოტყუებით ვერ დაამარცხებ დიქტატურას.

ამასთანავე,  საზოგადოებრივი ცხოვრების და პოლიტიკის ფორმები, მათ შორის,  მანიპულაციის ფორმები ისეთი შეცვლილია, მარტივი არსებული რეცეპტით შეუძლებელია სისტემის დამარცხება და ზუსტად ამ დროს, როდესაც  რუსეთს, „ოცნებას“ ყველაფერი გამოკვლეული, დათვლილი, გათვლილი და დაფინანსებული აქვს, სრული განცდა აქვს, რომ ხალხის მხრიდან მასზე ზეწოლის ყველა ბერკეტი მოსპო, ჩვენი მოქალაქეები ინსტიქტურად ირჩევენ ისეთ გზას, რომელიც ვერცერთმა გათვლამ, ფულმა, შანტაჟმა, მუქარამ, ცემამ, ქიმიურმა იარაღმა ვერ დაამარცხა.

უბრალოდ წარმოიდგინეთ: ტროლების მასშტაბი, პროპაგანდის მანქანებში ჩასხმული ფული, პოლიციელების და რობოკოპების ჯარი, პროკურორების ჯარი, მოსამართლეების ჯარი, ტიტუშკების ჯარი, ყველასი ამათი თავზეხელაღებულობის მასშტაბი და აქეთ – „აკაცუკები“.

მათი ლოგიკით, ახალ წელს საცივში უნდა ჩაგვძინებოდა, მილიონებს ამერიკაში უნდადაელაგებინა“, ქიმიურ იარაღს უნდა დავეწამლეთ, დაჭერებს დავეშინებინეთ, „მაინც არაფერი გამოვამესიჯს იმედი გაეცრუებინა, ნუ აღდგომას მაინც უნდაგავლეულიყავით“. კაი, აღდგომას თუ არა, ზაფხულში დასვენება არ გვინდოდა? აგვისტოში ცხელა, აი, ოპოზიცია პარლამენტში შედის

ყველანაირი ლოგიკა დაამარცხა თავისუფლების წყურვილით სავსე მოქალაქის ნებამ.  აღმოჩნდა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც არ არსებობს ამდენხნიანი, გამთანგველი, ასეთი ჯიუტი, უწყვეტი, თანმიმდევრული, პრინციპული და მტკიცე ბრძოლის მაგალითი.

აქამდე გავდიოდით რუსთაველზე, პოლიტიკოსები ვღრიალებდით, კოლონებს მივუძღოდით, ვაცხადებდით გადამწყვეტ ბრძოლას და გველანდებოდა Holywood-ის Happy end-ი, ზოგჯერ შეიძლება იმასაც ვფიქრობდით,  ნეტა, ბოლო კადრში დროშით მეც გამოვჩნდეომაგრამ, არა, ეს დრამატურგია ამჯერად არ მუშაობს და ხალხმა შექმნა სხვა დრამატურგია, რომელიც ვერცხლისწყალივით უსხლტება ბოროტმოქმედს ხელიდან, აი, ასე დაიბადა თანამედროვე ქართული პროტესტი!

სინდისის პატიმრებით ყველა რომ აღფრთოვანებული ვართ, ამაში ახალი არაფერი არ არის. თუმცა, ამასთანავე,  ჩვენი კერძო, ინდივიდუალური აღფრთოვანების გარდა, მათაც სწორედ ახალი, თანამედროვე საქართველოს დაბადების ნიშნები გვანახეს.

ეს ადამიანები არ ცხოვრობდნენ პოლიტიკით, მათი უმეტესობა ან უკვე წარმატებული იყო საკუთარ პროფესიაში, ან დიდი შემართებით სწავლობდა.  ეს არ იყო ორგანიზებული ჯგუფი, რაიმე გეგმით და ამოცანებით. ისინი ყველა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუმცა ერთი ინსტინქტით მოქმედებდა. მათ აერთიანებთ ევროპული არჩევანი, ძალადობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა.

თან ეს მოხდა აბსოლუტურად ბუნებრივად, ჩვეულებრივად, არავის დასანახად. მათ გმირობა არც დაუგეგმავთ, არც უფიქრიათ ამაზე, უბრალოდ კონკრეტულ ბოროტებაზე რეაგირებდნენ. ზუსტად ასევე ბუნებრივად იღიმოდნენ სასამართლოზე. იმიტომ კი არა,  რომ კარგი კადრია ან საერთოდ გარედან საკუთარ თავს ხედავდნენ. უბრალოდ იმიტომ, რომ ეღიმებოდათ, ეს კეთილი ღიმილი მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.

ზუსტად, როგორც ეს ღიმილია ბუნებრივი, ასევე წარმოუდგენელია მათთვის ტყუილის თქმა, უღირსობა. „გამოძრომა“ არ იციან  როგორ ხდება. არც მზია ამაღლობელმა იცოდა, რომ რამე ჯილდოს აიღებდა და არც ანდრო ჭიჭინაძემ, ეს უბრალოდ მათი ფასეულობების სისტემაა, ასეთები არიან და ახალი თანამედროვე საქართველოს დაბადება ხდება იმ მომენტში, როცა ეს ფასეულობები, ეს საქციელი გახდა ქართული საზოგადოებისთვის თამასა, ახალი ნორმა და სტანდარტი.

ჩვენ გვახსოვს, როცა დაფასებული – „ლისიჩკას“ ჩქარი გახსნა და კალაშნიკოვის სწრაფი დაშლააწყობა იყო, ან 17 წლის ბიჭისთვის გასისინებული ჯიპის მირთმევა. მე ნამდვილად მინახავს. სინდისის პატიმრებმა წესიერი მოქალაქის მაგალითი მოგვცეს, სწორედ ასე იბადება თანამედროვე თავისუფალი საქართველოს საზოგადოება.

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი სიახლე შევქმენით. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას ჩვეულებრივ მთავარობა წარმოადგენს, მათ შორის ავტორიტარულიც, ტოტალიტარულიც, სისხლიანიც და ყველანაირი, ასეთია საერთაშორისო ურთიერთობების ბუნება.

ქართველმა ხალხმა და პოლიტიკურმა სპექტრმა მოახერხა და წელიწადზე მეტია, მსოფლიოსთვის საქართველო არ არის მხოლოდ ე.. რეჟიმი. ოფიციალური განცხადებები მიემართება ხალხს, ოფიციალური წერილები ეგზავნება მე-5 პრეზიდენტს, რაც მთავარია, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებები მიიღება არა მაკა ბოჭორიშვილის პოზიციის (კაია კალასი რომ არაფერში სჭირდება) არამედ ციხეებში თუ თბილისის ქუჩებში ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი ადამიანების ნების მიხედვით.

ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ ეს გვაძლევს დიდ ფორას და უდიდეს ძალას, ჩვენი ქვეყნის მომავალი თავისუფალი მოქალაქეების და არა რუსების ნებით განისაზღვერბოდეს.

სოლიდარობა არ არის ახალი, არც კაცობრიობისთვის, არ მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ სოლიდარობა ბრძოლის იარაღად აქცია, იარაღად, რომელიც ასევე ვერცხლისწყალივით უსხლტება ბოროტმოქმედ სისტემას და აუცილებლად გაარღვევს ამ სისტემის მიერ აღმართულ კედლებს.

გავიხსენოთ ბრძოლის ამ იარაღმა როგორ გააცამტვერა ყველა ის უკანონო კანონი, რომელიც უკანონო პარლამენტმა ამ პროტესტის ჩასახშობად მიიღო. ადამიანმა, რომელიც გზას სოლიდარობის ნიშნად კეტავდა, ზუსტად იცოდა, რომ დაიჭერდნენ  და ამისთვის მზად იყო. ეს არა სულელური თავგანწირვა და არაპრაგმატული რომანტიზმი, არამედ დაჭერების შემაკავებელი იარაღი გახდა, ძალიან კონკრეტული და ძალიანაც პრაგმატული.

ასევე სრულიად ახალი სტანდარტი მკვიდრდება ადვოკატებში, ჟურნალისტებში და ჩემი აზრით პოლიტიკაში და პოლიტიკოსებშიც, თუმცა რადგან ამ უკანასკნელთან მიმართებით ნეიტარალურ მსაჯულად არ გამოვდგები, ამ საკითხის განსჯას სხვას მივანდობ.

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მაგალითია, რომ ვირწმუნოთ როგორც საკუთარი თავის, ისე თანამედროვე თავისუფალი საქართველოსი.

ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ამ ტკივილში მზიას, მათეს, აზა ბებოს, მამა დოროთეს, ჯაფარას, გურამ როგავას თუ სხვების გაკეთებულმა არჩევანმა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად აქცია. ეს დაბადება გამარჯვებისთვის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა.

სინამდვილეში გამარჯვების გზა აბსოლუტურად ნათელი, კონკრეტული და ძალიან რეალისტურია, დღეს ამაზეც მინდოდა საუბარი, მაგრამ წლის შეჯამებამ გამიტაცა.

ციხის ადმინისტრაცია 8-ში იხსნება და სწორედ შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ, გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას.

კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი  ვითარების ჩემეული აღქმაა.

P.S შარშან იმდენად დათრგუნული ვიყავი ამდენი სისასტიკის, ნაცემი ადამიანების, პოლიტპატიმრების გამო, რომ ახალი წელი მხოლოდ სიმწრით იყო სავსე. წელს თავად პატიმარი ვარ და რადგანაც ამ ახალ წელს ციხეში ვხვდები, თავს უფლებას მივცემ, გირჩიოთ – მოილხინეთ, დაისვენეთ, ბევრი დადებითი ემოცია გაეცით და მიიღეთ, ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე, რაც უფრო კარგად იქნებით თქვენ გარეთ, მაგალითად მე მით უკეთ ვიქნები. იანვრიდან კი ძალამოკრებილები შევუტევთ.

გილოცავთ ახალ წელს!

ბოლომდე!“


ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობაზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია. ხოშტარიამ ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ციხეში მყოფ პოლიტიკოსს პროკურატურამ შემდეგ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ხოშტარიას ბრალში აღნიშნულია 2024 წელს დაწყებულ პროტესტში ჩართულობა, მისი ხელშეწყობა მატერიალური დახმარებით და „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე მუშაობა.