CNN-ის ცნობით, თეირანში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დარბევის შემდეგ საავადმყოფოებში „ერთმანეთზე დაწყობილი ცხედრები“ ნახეს.
ბოლო დღეებში ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე რამდენიმე პირმა CNN-ს განუცხადა, რომ თეირანის ქუჩებში მრავალათასიანი შეკრებები და სასტიკი ძალადობა იხილეს. ერთ-ერთი ქალის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ მან საავადმყოფოში „ერთმანეთზე დაწყობილი ცხედრები“ ნახა.
რესპონდენტებმა ანონიმურობის დაცვით, CNN-ს ასევე განუცხადეს, რომ 8-9 იანვარს მათ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ყველა ასაკის ადამიანები იხილეს. თუმცა, მათივე თქმით, ბოლო ღამის განმავლობაში სამხედრო იარაღით აღჭურვილმა უსაფრთხოების ძალებმა „ბევრი ადამიანი” დახოცეს.
10 იანვრისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული ორკვირიანი საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 78 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 600-ზე მეტი დააკავეს. საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით, ირანის ყველა პროვინციაში გავრცელდა და 180-ზე მეტ ქალაქს მოიცავს.
მასობრივი უკმაყოფილება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია. აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ ქუჩებში მრავალათასიანი შეკრებები და იმედის განცდა სუფევს, თუმცა პარალელურად ადგილი აქვს სასტიკ ძალადობას.
ერთ-ერთმა ექიმმა CNN-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოებში ვითარება „უკიდურესად ქაოსურია“, ხოლო პაციენტები შეშინებულები არიან, რათა იდენტიფიცირებულნი არ გახდნენ ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე რეპრესიების ფონზე.
„ირანი თავისუფლებას ეძებს, აშშ მზად არის დახმარებისთვის“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 10 იანვარს სოციალურ ქსელში წერს.
იქამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ირანელ ხალხს დაეხმაროს, თუმცა არ დაუზუსტებია, რას მოიცავს ეს დახმარება. მან სოციალურ ქსელში სოლიდარობა გამოუცხადა ირანში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს.
ტრამპმა გააფრთხილა თეირანი, რომ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობრივი რეაგირების შემთხვევაში ირანზე თავდასხმა შესაძლებელია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანის ხალხს უჭერს მხარს. თავის მხრივ, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საპროტესტო გამოსვლების წაქეზებაში აშშ დაადანაშაულა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ირანში 8 იანვრის საღამოდან ინტერნეტი გამორთულია. Reuters-ის თანახმად, სატელევიზიო მიმართვაში ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაიფიცა, რომ უკან არ დაიხევს და დემონსტრანტები ოპოზიციის და აშშ-ის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.