ვინ დაეხმარება ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს - გამყრელიძის განმარტება

პუბლიკა

თუ Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზრდება, ვინ დაეხმარება ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს, – ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტებას აკეთებს:

„80%-ში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ფორმებში, რისი მართვაც ოჯახის ექიმებსა და ზოგადი პრაქტიკის ექიმებს შეუძლიათ.

თუ ინფექციონისტი 260-მდეა და რეანიმატოლოგი 400-ზე მეტი, ვინ შეიძლება მათ დაეხმაროს, თუ დიდი ეპიდემია იქნება ქვეყანაში? როგორც ხშირად გვითქვამს, ამ ინფექციის 80% მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში და ან საშუალო სიმძიმის ფორმებით. 20-25%-ში მიმდინარეობს შედარებით მძიმედ, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციას. აი იქ, იმ 80%-ში თავისუფლად შეუძლიათ ამ რესპირაციული ინფექციების მართვა ოჯახის ექიმებს, ზოგადი პრაქტიკის ექიმებს და ასეთი ჩვენთან არის 3 200, თუ არ ვცდები. 1 200 –  სოფლის ექიმს რასაც ვეძახით, რომლებიც სოფლებს ემსახურებიან, კიდე 2 000 ოჯახის ექიმია ქვეყანაში“, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს სოფლის ექიმებისა და ოჯახის ექიმების გადამზადება.

„დღეს ისინი უკვე გადამზადებულნი არიან, მიმდინარეობს მათი გადამზადება შესაბამისი ალგორითმის მიხედვით და მათ შეუძლიათ, რომ ეს შემთხვევები მართონ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში არის 256 ინფექციონისტი და მათი გადანაწილებით  853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ.

„მნიშვნელოვანია, რომ  ვიცოდეთ, რამდენი ინფექციონისტი გვყავს, არც ინფექციონისტების რიცხოვნობით ვართ ჩვენ განებივრებულნი და გვყავს სულ 256 ინფექციონისტი და მათი ოპტიმალური გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს“, –  თქვა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში სულ 1700-ზე მეტი სასუნთქი აპარატია, თუმცა მის სამართავად  ქვეყანას არ ჰყავს საკმარისი რეანიმატოლოგები.