4 ოქტომბრის 10-პირიანი საქმე | ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

პუბლიკა

4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეზე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს ირაკლი ჩხვირკვიასთან და თორნიკე მჭედლიშვილთან დაკავშირებული ვიდეო.

პროკურორმა ვაჟა თოდუამ ვიდეოს ჩვენებისას აღნიშნა, რომ მჭედლიშვილი ცდილობს, რომ შევიდეს სასახლის ეზოში. ამ კადრში ის სასახლის ღობეს ეჯაჯგურება. მეორე კადრზე მითითებით კი პროკურორმა აღნიშნა, რომ [ის ჯოხისმაგვარ საგანს] ურტყამს პოლიციელს.

მჭედლიშვილის ადვოკატებს არც პროცესზე და არც მოგვიანებით მედიასთან ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკვიას, პროკურორმა რამდენიმეწამიანი ვიდეოს გაშვების შემდეგ აღნიშნა, რომ ვიდეოში ჩანს, ირაკლი ჩხვირკვია აქციის მონაწილეებს სასახლის ეზოში შესვლისკენ მოუწოდებს.

ადვოკატს, ბორის ყურუას თქმით, კადრებში აღბეჭდილს პროკურატურა უხეშად ინტერპრეტირებს.

მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკვია სასახლის ეზოში არ იმყოფება, რაც შეეხება მოწოდებას – ვიდეოში ხმა არ იმის, შესაბამისად, ამის დადგენაც შეუძლებელია.

„ხელის ქნევა არ ნიშნავს მოწოდებას, რომ სხვამ რაიმე მოქმედება განახორციელოს”… ვიდეოში ირაკლი ჩხვირკვია არაფერს არ ისვრის, არაფერს ძალადობრივს არ სჩადის… ადამიანს თვალები ეწვოდა და შეიძლება ცდილობს, რომ ვინმე დაეხმაროს”, – განაცხადა ადვოკატმა პროცესზე.

პროკურორის ამ შეფასებას გამოეხმაურა თავად ბრალდებული:

„მსგავსი შეურაცხყოფა 38 წლის განმავლობაში არ მოუყენებია ჩემთვის არავის. 2008 წელს 21 წლის ბიჭი ვიყავი, სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მოხალისედ წავსულიყავი, ჯარი არ მაქვს მოხდილი, დედისერთა ვარ.

2022 წელს უკრაინაში გავიქეცი და 2023 წელს ომში ვიყავი და იქიდან არ გამოვქცეულვარ. აქ თუ მე ახლა ვიღაცას მოვუწოდებდი, წამოდი, შევვარდეთ-მეთქი და მერე იქიდან გამოვიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე! შეურაცხყოფილად ვრგძნობ თავს.

შემრცხვა ჩემი თავის მას შემდეგ, რაც ბატონმა პროკურორმა თქვა, რომ ჯერ მოვუწოდებდი ხალხს შეტევისკენ და მერე მე თვითონ გამოვიქეცი. ასეთი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ არასდროს.

[წარმოდგენილ] ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ თვალები მეწვის გაზისგან და მერე გამოვდივარ. ვიდეოში ჩანს პერიმეტრზე რა ხდება და ა.შ. წინა სხდომებზე გამოკვლეულ ვიდეოებს დავაკვირდი, მანამდე ტელევიზიაში მქონდა ნანახი, მაგრამ არ მჭირდებოდა და არ დავკვირვებივარ, ახლა დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ სასახლის ეზოში დგანან პოლიციელები, ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი, რომელთაც გულზე უკეთიათ კამერები და სამხრე კამერა აბსოლუტურად ყველა ჩართულია.

გარდა ამისა, როგორც ბატონმა ვაჟამ [პროკურორმა] ბრძანა, თურმე პოლიციელები კამერებით მოძრაობდნენ და იღებდნენ პროცესს… ვეთანხმები, მე ჩემი თვალით ვნახე თანამშრომლები, რომლებიც იღებდნენ და აღმოჩნდა, რომ ისედაც ამდენი კამერა იყო, ამდენი ტელევიზია იყო, ტვ პირველის კამერებს არაფერი გამორჩენია, სხვა ტელევიზიებს, კაფეების კამერებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის კამერებს, მაგრამ როგორ აღმოჩნდა, რომ ამდენი კამერის, ამდენი გადამღების, ამდენი წინასწარ მომზადებული პოლიციელის, ჟურნალისტის ფონზე ერთადერთი კადრი აქვთ ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ, სადაც ირაკლი ჩხვირკიას თვალები ეწვის და თან მოუწოდებს თანამებრძოლებს შეტევისკენ და თან ბრძოლის ველიდან გარბის?

ბატონო მოსამართლე, თქვენც ბევრი გინახავთ და თქვენც დაუსვამთ თქვენს თავს კითხვას, როდესაც აღკვეთის ღონისძიებას გადახედავთ მომავალში ან როდესაც განაჩენის მომენტი დადგება, დაუსვამთ თქვენს თავს კითხვას, რატომ მოხდა ისე, რომ არც ერთ სხვა მოქმედებაში ირაკლი ჩხვირკია არ ჩანს? მით უმეტეს, რომ არსებითის გახსნით სხდომაზე ბატონმა პროკურორმა ბრძანა, რომ ირაკლი ჩხვირკია იყო ეზოში შესული და სხვადასხვა სახის ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდაო.

მე მაინტერესებს, თუ ირაკლი ჩხვირკია ძალადობრივ მოქმედებას ჩადიოდა, რატომ ვერც ერთმა კამერამ, ნუ დავუშვათ, ჟურნალისტებმა შეგნებულად ამარიდეს, მიცნეს და არ გადამიღეს, რაღაც კამერაში არ გამოვჩნდი, უხარისხო იყო, პოლიციელების კადრებშიც არ გამოვჩნდი, კაცო, ან ქვა ვისროლე, ან დედა შევაგინე… იმავე წარმატებით პროკურატურას შეუძლია, ბრალი დამდოს, რომ შენობაში შევდიოდი ყაველაშვილის მკვლელობის ან გაუპატიურების მოტივით. ამას სჭირდება მტკიცებულება. მტკიცებულებები არ არსებობს. მართლა შემრცხვა და მართლა შურაცხყოფილი ვარ ადამიანურად, რომ თურმე ირაკლი ჩხვირკია ბრძოლის ველიდან გაიქცა“.

გარდა ვიდეომტკიცებულებებისა, პროცესზე დაიკითხა ორი ჰაბიტოსკოპი ექსპერტი, შემდეგ კი წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.