ნუ წავალთ ეკლესიებში, საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა - გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ შეკრებებისგან, მათ შორის სახლშიც და სალოცავებშიც.

„ძალიან მიჭირს ამ თემასთან შეხება ყოველთვის. მე დღეს გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას, მაგრამ მე არ გადამიბიჯებია პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და მოვუწოდე მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში. ეს აღდგომა წელს როგორმე გადავიაროთ, სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, რადგან საუკუნეების განმავლობაში  ასეთი პანდემია არ ყოფილა. ბოლო დიდ პანდემიას ჩვენი თაობიდან არავინ მოსწრებია, ერთეული ადამიანების გარდა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – ამისთვის მხოლოდ ერთი იარაღია ის, რომ ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, იქნება ეს სახლში, სხვა ადგილზე თუ სალოცავ ტაძრებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით,  მომდევნო 4 დღე განსაკუთრებით კრიტიკულია. მან ასევე საზოგადოებას მოუწოდა, რომ 3-4 კვირის განმავლობაში გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ვირუსის გავრცელების დინამიკა არ გაიზარდოს და ჯანდაცვამ მასთან გამკლავება შეძლოს.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 348-მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 348;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 76;
  • გარდაცვლილი – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 5000;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.