შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, ამის შესახებ დღეს, შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, დაკავებულთა შორის კი 10 არასრულწლოვანია.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით, გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით კი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა.

შსს-ს ცნობით, დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.