სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სარჩელში სახალხო დამცველმა სავადოდ მიიჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ადგილზე ეკრძალებათ სახის დაფარვა, გზის ან სავალი ნაწილის გადაკეტვის შემთხვევაში კი მათ 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.
სახალხო დამცველმა ასევე გაასაჩივრა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს იმავე დანაშაულს განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ:
„საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები.
ბოლო ცვლილებების თანახმად, „ხალხის სავალი გზის ხელოვნურად” გადაკეტვა, პოლიციის „სავალდებულო მითითების” შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არმიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა აქციის მონაწილისთვის გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით.
თუკი აქციის მონაწილე ხელმეორედ ჩაიდენს იმავე ქმედებას, მას ამჯერად ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სასჯელის სახით კი ერთ წლამდე პატიმრობა.
ზემოაღნიშნულის გარდა, „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში არაერთი შემზღუდავი ცვლილება შეიტანა: 174-ე პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:
- სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის შემთხვევაში;
- თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის;
- მოაწყობს დროებით კონსტრუქციას, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას და ა.შ.
- ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.
აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს:
- ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
- თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით;
ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება:
- სასჯელის სახედ გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
- იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;