აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს დერეფანზე გამავალი ტვირთების გადაზიდვა ერთ დღეს სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ ალიევმა დავოსის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თქვა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მოდერატორმა ალიევს ჰკითხა, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი გლობალური არასტაბილურობის ფონზე ევრაზიის როლს, რაზეც მან უპასუხა, რომ აზერბაიჯანი ყურადღებას ამახვილებს რეგიონულ თანამშრომლობაზე და მეზობლებთან მჭიდრო ურთიერთობების გაძლიერებაზე. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა მოხსნა შეზღუდვები სომხეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირებაზე. ახლა კი, სომხური მხარე რუსეთამდე ტრანზიტის უზრულველყოფას ითხოვს.
“აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირებაზე – ყაზახეთიდან, რუსეთიდან, და ახლა სომხური მხარისგან მივიღეთ თხოვნა, ვუზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთამდე. შესაბამისად, ჩვენ დე ფაქტო, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. დიახ, ამ ეტაპზე ტრანსპორტირება საქართველოს გავლით მიმდინარეობს, მაგრამ ერთ დღეს, ეს სომხეთის გავლით განხორციელდება. დადგება დღე, როდესაც სომხეთი პირდაპირ აზერბაიჯანის ტერიტორიით შეძლებს ტრანზიტს და ეს დღე არც ისე შორსაა” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
პანელის დროს ილჰამ ალიევი TRIPP-ის პროექტსაც შეეხო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ზედამხედველობს:
“შეიქმნება ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის – ნახჭევანის, თურქეთის გავლით გაგრძელდება და ევროპას მიაღწევს, არსებული საქართველოს მარშრუტების პარალელურად. რაც მეტი მარშრუტი იქნება, მით უკეთესი იქნება მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისა და სატრანზიტო ქვეყნებისათვის”.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ. ნახჭევანი თურქეთს ესაზღვრება.
დერეფანმა აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. აშშ-მა მიიღო უფლება, განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის.