„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს დებატების მნიშვნელობაზე. კობახიძე წერს, რომ დისკუსია მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ მოისმინოს განსხვავებული აზრი, გააანალიზოს და არჩევანი გააკეთოს.
კობახიძე წერს, რომ 2008 წლიდან „დიპ სტეიტის“ გავლენების გაძლიერების ფონზე საზოგადოებას „შესთავაზეს ხელოვნურად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზები, წაართვეს არჩევანის საშუალება და ყურადღება რეალური პრობლემებიდან აბსურდულ საკითხებზე გადაატანინეს, რითაც ჯანსაღი დებატები გაქრა“.
მისი თქმით, „დიპ სტეიტის“ მმართველობის გეგმა საქართველოსაც შეეხო და პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.
„ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა… გვარამიამ დავალება წარმატებით შეასრულა – მან მედიასტანდარტად დაამკვიდრა ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია, საბოლოოდ კი ისეთი ტოქსიკური მედიაგარემო შექმნა, რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება“, – წერს კობახიძე.
მისი თქმით, ეს „არაჯანსაღი ვითარება უნდა გამოსწორდეს“.
„რადგან იოლად ამოსახსნელია ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნებიც, შემსრულებლებიც და ამოცანებიც – ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს.
იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.