„დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს“ - „აგროჰაბის“ დირექტორი ადასტურებს, რომ „აგროჰაბში“ სუს-ი შევიდა

პუბლიკა

„აგროჰაბის“ დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ „აგროჰაბში“ სუსი შევიდა.

„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით. არ ვიცოდით (გუშინ, კობახიძესთან შეხვედრისას). დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა, გავიაროთო და მოვიდნენ.

ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად. არ ვიცი (რაზე აქვთ ეჭვები) მანდ არის რაღაცები კონკრეტულად ჩასაშლელი – შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ. (ჟურნალისტი – რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი?) კი, კი ეგ ყველაფერი აინტერესებთ”, – ამბობს „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.

„ტვ პირველთან“ საუბრისას „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა სუსის გამომძიებლების კომპანიაში შესვლა.

„დეილი ჯგუფი“ არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

„კი ბატონო არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან თავს ვიკავებ, თუ რამე მნიშვნელობანი იქნება მომავალში გავაჟღერებთ“,- აცხადებს „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდნენ სუს-ში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ:

„სასამართლოს განჩინებით სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.“

გუშინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს“.

„რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა.

მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86%-ს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან.

შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: „ქართული ოცნების“ ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.

„ოცნების“ პრემიერის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.

კობახიძემ თქვა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.