ევროსასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელების არსებითი განხილვა დაიწყო

პუბლიკა

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრების განხილვა დაიწყო.

სასამართლოს თქმით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი.

საიას ცნობით, წარდგენილ საჩივარში მიუთითებდნენ, რომ  არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვისას დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.

საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. Საიამ აღნიშნული საჩივარი 2025 წელს გაგზავნა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგის სასამართლოც უსვამს ამ საკითხზე ხაზს კომუნიცირების წერილში, რომ საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოყენებით გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინა.

აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მოთხოვნები არც საოლქო საარჩევნო კომისიებმა, შემდგომ კი – სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს.

გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

ამდენად, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, თუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩვენების უფლება დაცული. ასევე, დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი სატესტო ვერსია იყო, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობის დაცვას უზრუნველყოფდა.

სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში. სასამართლო ზემოთხსენებული საკითხების გარდა, ასევე, იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა.

სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისათვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.  

სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსხილველად. აღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს“, – აცხადებს საია.