SJC: „თამარ მეარაყიშვილის დაპატიმრება და გამოძევება წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის“

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ცხინვალიდან თამარ მეარაყიშვილის გამოძევების საქმესთან დაკავშირებით ვრცელი შეფასება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ცხინვალის de facto რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის გამოძევება უხეშად არღვევს არა მხოლოდ ქართველი აქტივისტი ქალის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების სამართლებრივ სტატუსს.

„თამარ მეარაყიშვილის დაპატიმრება და გამოძევება წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული უფლებადამცველის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ და რეპრესიულ ზომას, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ძირითადად ახალგორის რაიონში არიან კომპაქტურად დასახლებულნი.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ახალგორელთა რაოდენობა ისედაც მუდმივად იკლებს და რეგიონში დეპოპულაციის პროცესი მიმდინარეობს. თამარ მეარაყიშვილის გამოძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ატარებს მკაფიო პოლიტიკურ მუქარას იმ ეთნიკური ქართველების მიმართ, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, და აჩენს რეალურ საფრთხეს, რომ მათი სამართლებრივი სტატუსი მყიფეა და მათაც შესაძლოა რეგიონიდან გამოძევება დაემუქროთ.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არათუ არ დაგმო ეთნიკურად ქართველი მოქალაქის ოკუპირებული რეგიონიდან გამოძევება, არამედ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა თამარ მეარაყიშვილი პროვოკატორობაშიც კი დაადანაშაულეს, რითაც ფაქტობრივად გაამართლეს მისი გამოძევება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.