პირველი პატიმრობა ტროტუარზე დგომის გამო | ვინ არის მოსამართლე დავით მაკარაძე

ნინო წვერავა

დავით მაკარაძე — მოსამართლე, რომელიც წლების განმავლობაში გორის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა, ნოემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გადაიყვანეს. მალე მისი სახელი უკვე გაჩნდა საქმეებში, რომლებიც აქციების მონაწილეთა დაკავებას უკავშირდება.
დავით მაკარაძის სახელმა პირველად ყურადღება 2025 წლის 21 ნოემბერს მიიქცია, როცა მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებულ 5 დემონსტრანტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 4 დააჯარიმა. 

23 იანვარს ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებული ხუთი დემონსტრანტიდან სამის მოსამართლე სწორედ დავით მაკარაძე იყო.

დავით მაკარაძის კარიერა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იწყება, სადაც ის გამომძიებლად მუშაობდა, შემდეგ იყო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, 2021 წელს კი გორის რაიონულ სასამართლოში  სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ განმწესდა.

2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის და მისი მეუღლე, ქეთევან კანდელაკიშვილი ფლობენ ან თანამესაკუთრეები არიან რამდენიმე მიწის ნაკვეთის. მაკარაძე ასევე ფლობს მშენებარე სახლს სოფელ დიღომში.
2025 წლის დეკლარაციის მიხედვით, დავით მაკარაძის მეუღლე, ქეთევან კანდელაკიშვილი საჯარო სამსახურში მუშაობს. ის თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეა, სადაც მისი წლიური ანაზღაურება, დეკლარაციის მიხედვით,  57897,26 ლარია. რაც შეეხება დავით მაკარაძეს, გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ მუშაობისას მისი წლიური ხელფასი, ამავე დეკლარაციის მიხედვით,  95271,84 ლარი იყო.
წლების განმავლობაში მოსამართლედ მუშაობდა დავით მაკარაძის სიდედრი, თამარ ჭუნიაშვილიც, რომელიც სხვადასხვა დროს იყო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოების მოსამართლე, ასევე თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის განკარგულების მიხედვით, თამარ ჭუნიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განმწესდა. 
თამარ ჭუნიაშვილის 2024 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ იგი 2023 წლის 2 დეკემბრიდან პენსიაზე გავიდა. 

თამარ ჭუნიაშვილი იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც იუსტიციის საბჭოს გაკრიტიკების გამო 2017 წელს „მოსამართლეთა ერთობა“ დატოვა. ამ დროს „მოსამართლეთა ერთობამ“ გააკრიტიკა მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის  პროცესი. ეს საკითხი წლების შემდეგაც არაერთხელ გამხდარა მწვავე კრიტიკის საგანი.  

„მოსამართლეთა ერთობა“ 2013 წელს შეიქმნა და თავდაპირველად 50-მდე მოსამართლეს აერთიანებდა. „ერთობის“ წევრები არ ერიდებოდნენ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N6 ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „ერთობის” წარმომადგენლებმა 2013 წელს საბჭოში მოსახვედრად საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს, თანდათანობით დაიწყო სისტემაში განსხვავებული აზრის დევნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ერთობის” წევრ მოსამართლეებს თანამდებობებზე გადანიშვნაზე რამდენჯერმე უთხრეს უარი. ზოგიერთი მათგანის მიმართ დისციპლინური დევნაც კი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსამართლეთა კორპუსში კრიტიკული აზრის თანდათანობით გაქრობაში.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, სასამართლოების სისტემაში დასაქმებულია დავით მაკარაძის ცოლის და, მაკა კანდელაკიშვილიც. მაკარაძის სიდედრის დეკლარაციის მიხედვით, მას ნამდვილად ჰყავს ამ სახელით და გვარით შვილი.
დავით მაკარაძეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრად მონიშნული ჰყავს მაკო კანდელაკიშვილი.
მას კი ფეისბუქის პირად გვერდზე დასაქმების ადგილად მითითებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლო. საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ სახელისა და გვარის მქონე ადამიანი მოსამართლე ნატო ხუჯაძის თანაშემწეა.
„პუბლიკა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში  დაუკავშირდა მაკა კანდელაკიშვილს. ჩვენ მას ვკითხეთ, არის თუ არა მოსამართლე დავით მაკარაძის ცოლის და, თუმცა მან ეს უარყო და ტელეფონი გაგვითიშა.