კობახიძე: თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი, სტუ - კემბრიჯი, ილიას უნივერსიტეტი - ოქსფორდი

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების და პროტესტის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ თქვა:

„თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მაგალითად ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცებ გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი. ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ოპონენტების სპეკულაციურ ბუნებაზე“.

29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. მეორე დღეა, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.