„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა ნაწილი კვლავ გაფიცულია - ისინი კომპანიას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა ნაწილი მეექვსე დღეა, გაფიცულია. მათი მოთხოვნა უცვლელია – ხელფასის 300 ლარით გაზრდა.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ მათ ხელფასის 4%-ით გაზრდა შესთავაზა, რაც დასაქმებულებისთვის მიუღებელია არსებული სამუშაო დატვირთვისა და სამომხმარებლო ფასების პირობებში.

31 იანვარს კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრიდან გამოსულმა დასაქმებულებმა თქვეს, რომ კომპანია მათ პროტესტს უკანონოდ მიიჩნევს და სისხლის სამართლის წესით დასჯით ემუქრება. დასაქმებულები კომპანიის წარმომადგენლების ამ განცხადებას დაშინების მცდელობად აფასებენ.

გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით „რუსთავის აზოტი ინდორამა“ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. „პუბლიკას“ კომპანიაში უთხრეს, რომ „ჯერჯერობით ადმინისტრაცია კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს“.

გაფიცულების ინფორმაციით, ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა საწარმო, მათ შორის ჟანგბადის წარმოებაც.

დღეს  აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ჟანგბადის მწარმოებელი საამქრო, რომელიც საავადმყოფოებს ამარაგებს, თავად ადმინისტრაციამ გააჩერა. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენი მხრიდან იყო სხვადასხვა სახის შეთავაზება, მოთხოვნა და მზაობა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ადმინისტრაციის მხრიდან არ იყო არანაირი პასუხი. ის წერილიც, რაც იყო, დაშინებას ემსახურებოდა და უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა.

მათ მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უფრო უარესი იქნება მათთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, წამოვიდეს მოლაპარაკებებზე, გააკეთოს ის, რაც მისი მოვალეობაა და მოიქცნენ ისე, როგორც ადამიანებს შეეფერებათ.

ქარხანა არ გაგვიჩერებია ჩვენ, ქარხანა გააჩერა ადმინისტრაციამ 21 იანვარს. როცა პროტესტი დავიწყეთ, ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერებულიყო ჟანგბადის საამქრო, ვინაიდან ის პირდაპირ მოქმედებს ადამიანების სიცოცხლეზე. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება…

ჩვენ კანონის სრული დაცვით მივყვებით პროტესტს, არ ვარღვევთ არაფერს და არ გადავდივართ კანონის ჩარჩოებიდან“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაფიცულები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები იქამდე გააგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენი პროტესტი გამოიწვია ადმინისტრაციის დამამცირებელმა მოპყრობამ. ამ ადმინისტრაციას ეს ხალხი ეგონა უთავმოყვარეო, ეგონათ, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც რასაც ეტყვი ყველაფერზე დათანმხდება, ეგონათ რომ დააშინებდნენ… ჩვენ მზად ვართ, არ დავიხევთ უკან, არ შევშინდებით. იცოდეთ, რომ ეს არის ნერვების თამაში, ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ამ გზას მივიყვანთ ბოლომდე. დამსაქმებელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებს…

ერთ ადამიანსაც რომ შეექმნას პრობლემა, თუნდაც იყოს სამსახურიდან გაშვების მცდელობა, ან დისკრიმინაციული მოწოდება აქციაზე დგომის გამო, იმ ერთი ადამიანისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – თქვა გაფიცულმა.


„რუსთავის აზოტი“ სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი.

2023 წლიდან „რუსთავის აზოტი“ კორპორაცია „ინდორამას“ ნაწილი გახდა. კორპორაცია „ინდორამა“ აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.