დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომა გაიმართა თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან“.
„ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ, თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ის აკადემიურ საბჭოსა და სენატს“, – წერს თსუ.
თსუ-ის განცხადებით, როგორც ჯაბა სამუშიამ თქვა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება.
აკადემიური საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის შემდეგ უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ რექტორი სტუდენტებსაც შეხვდა. შეხვედრას 6 სტუდენტი ესწრებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, მათ რექტორმა განუმარტათ, რომ „პოზიციის ჩამოყალიბებისთვის“ მას სჭირდება შეაჯეროს დღეს, საბჭოს შეხვედრაზე, ასევე სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე მოსმენილი მოსაზრებები, რის შემდეგაც იგი აპირებს შეხვდეს გაანათლების მინისტრს და გააცნოს საუნივერსიტეტო საზოგადოების მოსაზრებები.
ამის შემდგომ კი, როგორც სტუდენტები ამბობენ, სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, რექტორს კვლავ ექნება სტუდენტებთან გაფართოებული შეხვედრა, სადაც მათ პირდაპირ ეთერში გადაღების საშუალება მიეცემათ, თუმცა შეხვედრაზე არ დაიშვებიან ჟურნალისტები.
„შევხვდით ჯაბა სამუშიას, როგორც იცით 6 ადამიანი ვიყავით შეხვედრაზე, იმ მიზნით რომ გაგვეჟღერებინა თქვენი ხმა და მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ მასთან შეხევდრა, მან გაგვცა ასეთი პასუხი,- მას არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, მან გვითხრა, რომ ის ელოდება სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის , საბჭოების, გადაწყვეტილებას, პოზიციას, ეს ყველაფერი უნდა მიმოიხილოს და შემდეგ ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია.
შევთანხმდით იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც მინისტრსაც შეხვდება და გააჟღერებს იმ ინფორმაციას, რაც დღეს საბჭოს შეხვედრაზე მოისმინა, ამის შემდეგ ისევ ექნება ჩვენთან შეხვედრა გაფართოებულ რეჟიმში, რომლის გადაღების საშუალება გვექნება. უარი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მედიები შემოვიდნენ შეხვედრაზე და ეს ყველაფერი გააშუქონ“, – თქვა სტუდენტმა, რომელიც რექტორთან დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
მიქანაძის განმარტებით, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი“.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან რამდენიმეა დღეა, აქციები იმართება.