განათლების სამინისტროში დასრულდა შეხვედრა თსუ-ის და სტუ-ის წარმომადგენლებთან

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და „ოცნების“ განათლების მინისტრის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთეს მინისტრმა გივი მიქანაძემ და უნივერსიტეტების რექტორებმა.

რექტორებმა აღნიშნეს, რომ დიალოგი გაგრძელდება, ხოლო მიქანაძემ თქვა, რომ უნივერსიტეტებს ერთიანი ორგანოს ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავს.

„ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და ის პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები უკვე ძალაშია შესული.

ერთ-ერთი ნორმა ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც მინისტრის მიერ ინიშნება დროებითი რექტორი, მოადგილეები და კანცლერი, ასევე მმართველი ორგანოს ჩამოყალიბება ხდება, ეს არის დროებითი საბჭო, რომელზეც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ორივე უნივერსიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს პარიტეტული წესით თანაბარი რაოდენობით ამ საბჭოს დაკომპლექტება და ზუსტად ამ საკითხზე გვქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს დროებითი საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, მათ წარადგინონ კანდიდატურები.

რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვის, არამედ განხორციელდეს თუნდაც ორი წლის, ორ წლინახევრის განმავლობაში. შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად და რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ თუნდაც ორ წლის, ორ წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე, ყველა პოზიცია შეაჯეროს და მხოლოდ შეჯერების შემდეგ დასრულდეს მთლიანი რეორგანიზაცია“, – თქვა გივი მიქანაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, მინისტრს გააცნეს უნივერსიტეტის საბჭოების გადაწყვეტილება, რომ არ ემხრობიან გაერთიანებას. გურგენიძე ამბობს, რომ „იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გაგრძელდება დიალოგი“.

„ბატონი გივისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება. [როდის შეიქმნება] ამას მინისტრი უახლოეს დღეებში მოგვახსენებს“, – თქვა მან.

მიქანაძეს გააცნეს ასევე თსუ-ის სენატის პოზიციაც გაერთიანებაზე.

„ერთი რამ, რაზეც შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ შევჯერდით ის არის, რომ დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე არ მიგვიღია. დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად თსუ-მ და სტუ-მ, ერთობლივად მოამზადოს ის ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ამ პროცესს. დღეს ჩვენ ცალსახად აღვნიშნეთ, რომ ასეთი შეხვედრები მომავალ კვირასაც გაგრძელდეს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

4 თებერვალს „ოცნების“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ორი უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საფუძველბს ამზადებს.

გაერთიანების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ორივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. არჩევითმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი პოზიციები ოფიციალურადაც გააფორმეს.