ჯაბა სამუშია „ინტერპრეტაციას“ უწოდებს თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ინტერპრეტაციას უწოდებს თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციას. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

თსუ-ის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორმა თამარ ბელქანიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გუშინ განათლების მინისტრთან შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა ბოლოს განაცხადა, რომ თუ ამ ფორმით რეფორმა განხორციელდება, მაშინ რექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.“

„პუბლიკამ“ დამაზუსტებელი შეკითხვებით მიმართა თამარ ბელქანიას. მან აღნიშნა, რომ შეხვედრას თავად არ ესწრებოდა, თუმცა შეხვედრაზე დამსწრეები დაადასტურებენ, რომ ჯაბა სამუშაიმ თქვა, „თუ ამ ფორმით გაგრძელდება რეფორმა და უნივერსიტეტები დაკარგავენ იდენტობას, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ“.

„პუბლიკამ“ ინფორმაციის გადამოწმება ჯაბა სამუშიასთან სცადა, თუმცა რექტორმა ჩვენს ზარსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.