„ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და მიიმალა“ - დააკავეს 1 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული ნ.ა.დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 5 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ქურდობისას მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.