„ჩანაწერი წარმოდგენილია მონტაჟის ნიშნებით, ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“ - დასკვნა ახალაია-ბურჭულაძის აუდიოჩანაწერზე

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ დაიხურა.

ახლაც, ისევე როგორც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ საქმეში არის ისეთი მტკიცებულებები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირადი მონაცემები, რომლებიც არ უნდა გასაჯაროვდეს.

სხდომის დახურვის წინააღმდეგნი იყვნენ ადვოკატები და თავად ბაჩო ახალაია. მედიაში გავრცელდა მისი განცხადების აუდიოჩანაწერი.

ახალაია ამბობს, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და საჯაროობა სურს. მისი თქმით, სასამართლოს შეუძლია, დახუროს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება.

ახალაიას პოზიციით, მისი საქმე 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ბურჭულაძის, ზოდელავას და სხვების საქმის მსგავსია – ის საქმეები კი საჯაროდ განიხილება.

„გახსენით პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ, რა ხდება… საქმეში უნდა არსებობდეს რაიმე მტკიცებულება, უნდა იყოს აუდიო, ვიდეოჩანაწერი, ფოტო – აბსოლუტურად არაფერი არ არის ბუნებაში. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ უსმენს „სიგნალს“, „ვოთსაფს“ და ვერცერთ აპლიკაციას „სმარტფონში”. ამათ ჩემი მისალმება, არანაირი საუბარი არ მოუსმენიათ. ამათ არ აქვთ შესაძლებლობა მე მომისმინოს „სიგნალზე“, „ვოთსაფზე” და მოუსმინონ ნებისმიერს საქართველოში. გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, აი აქ, ერთი მტკიცებულება მოიტანონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ. ერთი ცალი მოიტანონ.

ეს პროცესი დაიწყო გაზაფხულზე, თუ ზაფხულში, არ მახსოვს. დაიწყო შემდეგი თანმიმდევრობით – ახალაიას მაკეტი აქვს სახლში და პარლამენტში შევა, თუ რაღაცას აპირებსო. ეს იყო კობახიძის მთავარი ხაზი. შემდეგ ამან გადაინაცვლა იმაში, რომ ტროტილი თუ რაღაც იპოვეს ტყეში. ახლა ბოლოს გადაინაცვლა იმაში, რომ ახალაია ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს”, – განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაიამ ასევე განაცხადა, რომ ის მიიჩნევს,  რომ „ხელისუფლება დასამხობია“ და ამაში დასამალი არაფერია.

„ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში პირველად ნამდვილი თავისუფლება. ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ… ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მე რასაც გვაბრალებენ, ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვთ“, – განაცხადა ახალაიამ.

ადვოკატების პოზიციით, პროკურატურას არ სურს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა პროპაგანდისტული მედიებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც თითქოს ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს საუბრობენ.

დასკვნაში წერია, რომ ჩანაწერში არსებული პიროვნებების ხმა ავთენტურია, ჩანაწერი წარმოდგენილია მონტაჟის ნიშნებით, რის გამოც ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.

საქმის დახურვიდან გამომდინარე პროკურორებმა მედიებთან საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.


ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა ბრალდებული.

პროკურატურის მტკიცებით, „ბაჩო ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.“

25 დეკემბერს სუსმა განაცხადა, რომ ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე – ანა ნადარეიშვილიც, თუმცა ის გაათავისუფლეს. მას ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, თუმცა საქმის ფიგურანტობის გამო ის ახალაიასთან ვიზიტებსა და სხდომებზე დასწრებას ვერ ახერხებს.

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის თქმით, ანი ნადარეიშვილს მოწმის სტატუსი აქვს.

ნადარეიშვილის თქმით, მას კანონი აძლევს უფლება, რომ ქმრის სისხლის სამართლის საქმეში ჩვენება არ მისცეს.

4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ მათ ელფოსტაზე მივიდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობს, რომ ჩანაწერი ასახავს თითქოსდა პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.