4 ოქტომბრის პროცესზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები დაიკითხნენ

პუბლიკა

4 ოქტომბრის 14-პირიან საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები დაიკითხნენ – ირაკლი ლურსმანაშვილი, რატი ალადაშვილი და დავით დავითელაშვილი.

ირაკლი ლურსმანაშვილის თქმით, 4 ოქტომბერს ის და მისი სამმართველოს თანამშრომლები ჭონქაძის ქუჩიდან ათონელის სასახლისკენ დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის დაიძრნენ, მას შემდეგ, რაც სასახლის ღონე უკვე ჩამოვარდნილი იყო.

მოწმემ თქვა, რომ სასახლისკენ გზად მან დაინახა პოლიციელი, რომელსაც მისი თქმით, მოქალაქეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თავად მის დასახმარებლად წავიდა.

„ტელეფონის საშუალებით ვადევნებდით თვალყურს [აქციას]. 7 საათისთვის დაახლოებით, რა დროსაც ღობე გადაანგრიეს და ცდილობენ სტრატეგიულ ობიექტში შესვლას, მივიღეთ დავალება, ჩავსულიყავით ათონელის მოედანზე და აღგვეკვეთა ის, რომ მოქალაქეები შიგნით არ შესულიყვნენ.

მე ვერ მოვახერხე იქამდე მიღწევა. აქციის მონაწილეები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს… მე შევამჩნიე პოლიციელი [ლაშა ჯუღელი], რომელიც აქციის მონაწილეებს ძირს ჰყავდათ დაგდებული, ურტყამდნენ. უკან მივტრიალდი მის დასახმარებლად“, – განაცხადა მან.

მოწმე-პოლიციელი ამბობს, რომ ამის შემდეგ იქ მყოფი მოქალაქეები მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. რაც შეეხება დაზიანებებს, მისი თქმით, სხეულის არეში ჰქონდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, ბასრი საგნით – წინა მხარეს – გულ-მკერდის არეში, ასევე დუნდულაზე. მისი თქმით, ერთ მხარეს დაზიანებისგან საფულემაც დაიცვა. როგორც აღნიშნა, დაჭრილ-დაკაწრული იყო მისი ტანისამოსიც.

ამის შემდეგ მან აღნიშნა, რომ გოგო და ბიჭი მივიდა მის დასახმარებლად. ისინი მოუწოდებდნენ ხალხს – გაჩერებულიყვნენ და არ გაეგრძელებინათ ეს მოქმედება. ტერიტორიიდან განრიდების დროს, როდესაც ის ტოვებდა ამ ადგილს, ამბობს, რომ კეფაში მოხვდა მუშტი/ხელი. ამ ნაწილში მან მიუთითა გენადი კუპრეიშვილზე. მოწმის თქმით, ხელი სწორედ კუპრეიშვილმა დაარტყა.

კუპრეიშვილმა მას ჰკითხა, თუ რა ნიშნით ამოიცნო ის – მოწმემ აღწერა ფიზიკური მახასიათებლები, სიმაღლე, ტანსაცმელი – „დაბალი სიმაღლის, 40-45 წლის, დაბალი თმით, მუქი ტანსაცმლით”.

 „იტყუება ადამიანი“, – განაცხადა შეკითხვების შემდეგ კუპრეიშვილმა.

დაცვის მხარის შეკითხვების შემდეგ მოწმემ დაბეჯითებით ვეღარ გაიმეორა აღნიშნული:

„მე ამ პიროვნებას ვამსგავსებ… საკმაოდ ჰგავს იმ პიროვნებას“, – აღნიშნა მან. რაც შეეხება პრეტენციას, აღნიშნა, რომ სურს – „მკაცრად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო“.

რაც შეეხება პოლიციელ რატი ალადაშვილს, მან სასამართლოს მოახსენა, რომ 4 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ათონელის სასახლესთან მიმდინარე მოვლენების დროს დაზიანება მიიღო.

როგორც აღნიშნა, ქვა/ფილა მოხვდა თავში. იგრძნო ძალიან ძლიერი ტკივილი, დაეწყო სისხლდენა. ჯერ სასწრაფოს მანქანაში, ხოლო შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დასჭირდა ოპერაცია და სხვადასხვა სახის მანიპულაცია. დაადეს 8-9 ნაკერი.

„ჩემი შეუვალი და მყარი პოზიციაა, რომ განხორციელდეს მკაცრი მართლმსაჯულება აღნიშნულ საქმეში ბრალდებულების მიმართ, რადგანაც შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს ჩავხედე თვალებში”, – განაცხადა მან.

სასამართლოში დაკითხვისას გამოირკვა, რომ გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს, კონკრეტულად ვისი ნასროლი ქვა მოხვდა მას თავში. ამის შესახებ არც თავად დაზარალებულმა იცის, შესაბამისად, არც რომელიმე ბრალდებულზე უთითებს. ადვოკატის შეკითხვაზე, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე პრეტენზია ექნება თუ არა ბრალდებულების მიმართ, განაცხადა, რომ:

„ჩემი პოზიცია შეუვალია, მართლმსაჯულება განხორციელდება აღნიშნული პირების მიმართ, ვინც ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით”, – თქვა მან.

რაც შეეხება ნიღბის ტარებას, ადვოკატებმა მას სთხოვეს, განემარტა, ეკეთა თუ არა ნიღაბი და რატომ?

„ნიღბები გვეკეთა. უშუალოდ როცა მივუახლოვდით აგრესიული განწყობის მქონე აქციის მონაწილეებს და მიმდებარე ტერიტორიას. ნიღბის კეთება არ არის აკრძალული…

ნიღბის გაკეთების მოტივი, როგორც ჩემი, ჩემი ქვემდებარეებისთვის და ხელმძღვანელებიდან არის ის, რომ პირველ რიგში ვარ ოპერატიული მუშაკი, რომელიც ვახორციელებ ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს და დავალებებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მარტივია მოხდეს იერსახეზე პირის იდენტიფიცირება, ამ იდენტიფიცირების შემდეგ ყველას აქვს სოციალური საშუალებები, ფეისბუქი იქნება თუ სხვა რამ, რომელთანაც შემდგომში მოხდება მისი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ეს ფოტოები, ვიდეოები.

ბევრი ბოტი და ბევრი ტროლია, სადაც შეიძლება ამ ფოტოების „თრევა“ მოხდეს, მონიშვნა და იარლიყის მიწებება. აქედან გამომდინარე ხდება ამ პრევენციის განხორციელება – ნიღბის გაკეთება იმ ოპერატიული თანამშრომლებისთვის, რომლებიც იქ გადავადგილდებოდით აქციაზე”, – განაცხადა პოლიციელმა.

მესამე დაკითხული პოლიციელი დავით დავითელაშილი იყო, ის პატრულის თანამრომელია. პროცესზე მან თქვა, რომ 4 ოქტომბრს ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო, ეზოდან გადაინაცვლეს წინა მხარეს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შიგნით შეღწევას, ისროდნენ სხვადასხვა მძიმეა საგანს, ისმოდა მათი მისამართით გინება.

„რა დროსაც ფეხში მოხვდა ფილაქანის ქვა. ქვედა ნაწილში – კოჭში, დავეცი, წამომაყენეს თანამშრომლებმა და შევედით სასახლის შენობაში… სასწრაფომ გადამიყვანა კლინიკაში”, – თქვა მან.

იცის თუ არა, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა მას, მას პროცესზე არ აღინიშნავს.


4 ოქტომბრის 14-პირიანი საქმეზე ბრალდებულები არიან: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.

მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:

– სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;

– ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;