„შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა ბაზა, რომელშიც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
კობახიძემ აღნიშნა, რომ „საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ასეთი ინტერესი არ არის”.
„რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც შრომით საქმიანობას ეწევიან საქართველოში. შექმნილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ბაზა, რომელშიც რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 51 448 შრომითი იმიგრანტი. გენდერულ სტატისტიკასაც მოგახსენებთ – 74% არის მამაკაცი, 26% – ქალი.
მათგან, დაახლოებით 25% არის რუსეთის მოქალაქე, დაახლოებით 13.3% – ინდოეთის, თურქეთის – 5 600, ბელარუსის – 4 930. სლავური ქვეყნების წარმომადგენლები, ძირითადად, დასაქმებული არიან IT სექტორში. რაც შეეხება ინდოეთის მოქალაქეებს, ისინი უმეტესად დასაქმებულები არიან მშენებლობის სექტორში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში. თურქმენეთის მოქალაქეები – 4 000-ზე მეტი პირი – ძირითადად ინფრასტრუქტურის სფეროში არიან დასაქმებულები, აზერბაიჯანიდან 3 000-მდე პირია, უკრაინიდან – 2 849. უკრაინელები, ძირითადად, IT სექტორში, თუმცა ასევე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში არიან დასაქმებული. ჩინეთიდან 2 000-მდე პირია, ყაზახეთიდან – 1 891, ირანიდან კი – 1 277 პირი.
რაც შეეხება დასაქმების სექტორებს, საერთო სტატისტიკით: IT სფეროში არის დასაქმებული უცხოელი შრომითი მიგრანტების 32%; მშენებლობის სექტორში – 3.6%; მარკეტინგი, რეკლამა, გაყიდვები, მომარაგება, გაქირავება – 7.9%, გართობა, დასვენება, სათამაშო ბიზნესი – 6.6%; ბიზნესის ადმინისტრირება – 6.2%; სტუმარ-მასპინძლობა – 5.8%; დაუმუშავებელი მრეწველობა – 4.6%; აქაც არის ქარხნები, სადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ხშირ შემთხვევაში, ქართველი მუშახელის მოძიება. შესაბამისად, საწარმოებს უწევთ უცხოელი მუშახელის ჩამოყვანა საქართველოში. განათლების სფეროში დასაქმებულია უცხოელების 2.1%, სპორტში – 2.1%“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.