„ბრალს არ ვაღიარებ, არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა“ - ელისო კილაძე

პუბლიკა

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ის უკვე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კილაძე იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა იცოდა“.

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.

ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).

ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა – ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, – წერს ელისო კილაძე.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, პროკურატურას დაცვის მხარისთვის, ჯერჯერობით, საქმის მასალები არ გადაუცია. ადვოკატი ამბობს, რომ საქმე მოცულობითია და 20 ტომისგან შედგება.

„ელისო კილაძე არ გამოუკითხავთ. ბრალი წაუყენეს. დაკავების ოქმი გადმოგვცეს, გადმოგვცეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებულებები და საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. სავარაუდოდ, როგორც გამომძიებელთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა. საქმე მოცულობითია, 20 ტომია. ელისო კილაძე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ადგილები არ არის და პროკურატურიდან პირდაპირ წაიყვანეს. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.


პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

პროკურატურის განცხადებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი“, ჟურნალისტი ელისო კილაძე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება ასევე  წარედგინებათ – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, „რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”.

ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.