„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია – მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პროკურატურის კომენტარს ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა „სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე“.
ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ არსებულ ყველა სისლის სამართლის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ხოლო ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. პროკურატურა მათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავებოდა.
ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა.
ბაჩიაშვილი მსჯავრდადებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზეც, – მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ საქმეზე – „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.