POG: კაცს, რომელმაც შშმ მოზარდზე სექსუალურად იძალადა, აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორში, ბრალდებულმა მისი კუთვნილი ავტომანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა დაზარალებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.