„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2-ზე“ განაცხადა, რომ ხვალ სამინისტროში ბრიტანეთის ელჩს ელოდება და უნდა მოითხოვონ განმარტება, რატომ დაასანქცირეს „იმედი“ და „პოსტივი“.
„სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ყოველგვარი საფუძვლების გარეშე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაშია, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ესეთი შეტევებისგან. რა საფუძველი შეიძლება არსებობდეს იმისათვის, რომ დღეს ქართული ტელეარხები მოექცეს სანქციების პაკეტში, რომელიც მიმართულია რუსეთის დასამარცხებლად, ერთგვარად რომ შევხედოთ, რისთვის ხდება ამ სანქციების დაწესება – ჩვენ ასე გვესმის, რომ სანქციებს აწესებენ იმისთვის, რომ უკრაინას გაუმარტივდეს რუსეთთან ბრძოლა და რუსეთი დამარცხდეს. მიზანი ამ სანქციების ხომ არის ის, რომ რუსეთი დაამარცხონ.
და ამ შემთხვევაში, ბრძოლის ამ მეთოდში, როდესაც ვხედავთ, რომ ცინიკურია… არ ვიცი, ამას სერიოზულად როგორ შეიძლება შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას.
…ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები… გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ და გარდა იმისა, რომ სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე ვსაუბრობთ და მედიაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ და დასანქცირებაზე, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ რაღაც დასანქცირდეს.
ჩვენ დღეს ესეც მოვისმინეთ, იყო დღეს ევროკავშირის სანქციებზეც იყო საუბარი, მუდმივად გვესმის მუქარები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდება ქართული ტელეკომპანიების დასანქცირება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.