დონალდ ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერ აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია.
„ეს სამართლიანობის აღსრულებაა არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის, არამედ ყველა დიდებული ამერიკელისთვის და იმ მრავალი ქვეყნის მოქალაქისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც ხამენეისა და მისი სისხლისმსმელი ნაძირალების ბანდის მიერ იქნენ მოკლულნი ან დასახიჩრებულნი. მან ვერ შეძლო თავი დაეღწია ჩვენი დაზვერვისა და უმაღლესი დონის დახვეწილი სათვალთვალო სისტემებისთვის. ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვერც მან და ვერც სხვა ლიდერებმა, რომლებიც მასთან ერთად განადგურდნენ, ვერაფერი გააწყვეს. ეს არის ერთადერთი უდიდესი შანსი ირანელი ხალხისთვის, რომ დაიბრუნონ თავიანთი ქვეყანა. ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC), სამხედრო და სხვა უსაფრთხოებისა თუ პოლიციის ძალების ბევრ წარმომადგენელს აღარ სურს ბრძოლა და ჩვენგან იმუნიტეტს ითხოვენ.
როგორც გუშინ ღამით ვთქვი: „ახლა მათ შეუძლიათ მიიღონ იმუნიტეტი, შემდეგში კი მხოლოდ სიკვდილს მიიღებენ!“ იმედია, IRGC და პოლიცია მშვიდობიანად შეუერთდებიან ირანელ პატრიოტებს და ერთიანად იმუშავებენ, რათა ქვეყანას დაუბრუნონ ის დიდება, რომელსაც ის იმსახურებს. ეს პროცესი მალე უნდა დაიწყოს, რადგან არა მხოლოდ ხამენეი მოკვდა, არამედ ქვეყანა სულ რაღაც ერთ დღეში მნიშვნელოვნად დაზიანდა. თუმცა, ინტენსიური და წერტილოვანი დაბომბვები შეუფერხებლად გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, ან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენს მიზნამდე – მშვიდობამდე მისაღწევად მთელ ახლო აღმოსავლეთსა და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში!“ – წერს ტრამპი.
აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს ირანიც ადასტურებს – სახელმწიფო მედიის ცნობით, ხამენეის ლიკვიდაცია შაბათ დილით თავდასხმისას, თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში მოხდა.
BBC -ის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედიამ ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გაავრცელა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ქვეყანაში 40-დღიანი საზოგადოებრივი გლოვა გამოცხადდა.
Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, ინფორმაციას, რომ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავიც მოკლულია.
Times of Israel-ის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე მთავარ ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, გუშინ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნედ იქცნენ.
ირანის სამთავრობო ტელევიზიამ ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის სიკვდილი.
გუშინ, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე.
ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.