ტრამპი: „[ირანელებს] საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარზე“

პუბლიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების აღდგენა სურს.

„ [ირანელებს] საუბარი სურთ და მე დავთანხმდი საუბარზე, ამიტომ მათთან ვისაუბრებ. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო, უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ ზედმეტად დიდხანს დააყოვნეს” – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

როდესაც მას ჰკითხეს, ირანელებთან მისი საუბარი დღეს გაიმართებოდა თუ ხვალ, ტრამპმა უპასუხა: „ამას ვერ გეტყვით.“ მან აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში მოლაპარაკებებში ჩართული ზოგიერთი ირანელი უკვე ცოცხალი აღარ არის.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანში, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 5 მძიმედ დაიჭრა.

გუშინ, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე.

ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.

ირანი ადასტურებს აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს. Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, ინფორმაციას, რომ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი აბდოლრაჰიმ მუსავიც მოკლულია. Times of Israel-ის ცნობით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე მთავარ ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, გუშინ აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნედ იქცნენ. ირანის სამთავრობო ტელევიზიამ ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის და თავდაცვის საბჭოს მდივნის სიკვდილი.