ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია: მზად ვართ, ინტერესების დასაცავად ირანის თავდასხმითი შესაძლებლობები გავანადგუროთ

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია (E3) საკუთარი და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად მზად არიან ირანის თავდასხმითი შესაძლებლობების გასანადგურებლად. ქვეყნების ლიდერები ირანის სარაკეტო შეტევებს „არაპროპორციულ“ ქმედებად აფასებენ.

კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონისა და ფრიდრიხ მერცის განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-ისა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში.

ირანის დაუფიქრებელი თავდასხმები მიმართულია ჩვენი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას მთელ რეგიონში.
მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დაუფიქრებელი თავდასხმები.

ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად რეგიონში, შესაძლოა აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების გზით, რათა განადგურდეს ირანის შესაძლებლობა, გამოიყენოს რაკეტები და დრონები მათი წყაროდან“.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ ამ მიზნით აშშ-სა და რეგიონის სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობას განაგრძობენ.


28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“.

როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე.

ტრამპმა ირანის სარაკეტო ინდუსტრიის სრული განადგურება დააანონსა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მათ შორის დაიბომბა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი; ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი; ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი; ერბილის საერთაშორისო აეროპორტი, ერაყი; სასტუმრო „ფეირმონტ პალმ“, დუბაი; სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი“, დუბაი; სასტუმრო „კრაუნ პლაზა“, ბაჰრეინი; დუბაის პორტი; ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; საცხოვრებელი ტერიტორიები ბეით შემეშიში, ისრაელი; საცხოვრებელი ტერიტორიები თელ-ავივში, ისრაელი; „ერა ვიუს თაუერსის“ საცხოვრებელი ტერიტორია, ბაჰრეინი; საცხოვრებელი ტერიტორიები კატარში.

რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტმების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერი, აიათოლა ხამენეი დაიღუპა. ასევე, დაიღუპნენ ირანის სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, თავდაცვის საბჭოს მდივანი და ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი.