საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოუჯანის ინფორმაციით, საელჩოს საკონსულო განყოფილების ფანჯრის მინის ჩამსხვრევის საბაბით ერთი მოქალაქე დააკავეს.
როგორც ელჩი წერს, შემთხვევა წუხელ მოხდა. მისივე ცნობით, „საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული პირი ექვსი თვის მანძილზე იქნება დაკავებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი მოხდება მისი დეპორტაცია საქართველოდან და ჩამოერთმევა ამ ქვეყანაში ხელმეორედ დაბრუნების უფლება.“
„როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევის, გულმოდგინების, პასუხისმგებლობისა და დროული ქმედებისთვის. ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ნიშნად მივიჩნევ“, – წერს ირანის ელჩი.
1 მარტს საქართველოში მყოფმა ირანელებმა და მათმა მხარდამჭერებმა ირანის საელჩოს მიმდებარედ აიათოლა ხამენეის სიკვდილი იზეიმეს.