„კანონმა, ისევე, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია”, – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა.
„დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე. ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, რომ ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს. ამისთვის, მინდა, რომ მადლობა მოვახსენო მათ.
მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით.
როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს.
შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით, ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და თავისი გამოსვლა დაასრულა მოწოდებით „დარჩით სახლში” .