ქვრივიშვილი: მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს

პუბლიკა

„მე ძალიან კარგად ვიცი იმ ჰესის [ნამახვანჰესის] შესახებ და მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ ჰესის პროექტს დააბრუნებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედის“ ეთერში.

მან მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრს, ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა: „თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახსოვს, რომ აკრიტიკებდა უმნიშვნელოვანესი ჰესის პროექტის მშენებლობას და იგივე ადამიანი დღეს გვაკრიტიკებს, რატომ არ არის ქვეყანაში […]“.

მან ლორთქიფანიძეს ასევე ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია მას მრეწველობის ინდუსტრიის განვითარება, იაფი ენერგორესურსების გარეშე. მას ლორთქიფანიძემ ასე უპასუხა:

„იაფი ენერგორესურსების მოპოვება ამ ქვეყანაში შესაძლებელია, უბრალოდ უნდა არსებობდეს მეცნიერებაზე დაფუძნებული გეგმა, სტრატეგიული გეგმა – საიდან, როგორ, რანაირად მოვიპოვებთ ამ ენერგიას, და რაც მთავარია, დემოკრატიულად, ეს უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან; და ნათია თურნავა და თქვენ არ უნდა წყვეტდეთ მარტო ამას – რომელ მდინარეს დააგუბებთ და საიდან მოიპოვებთ ელექტროენერგიას. დემოკრატიის, მეცნიერების გათვალისწინებით, გეგმების შემუშავებით აქვს ამ ქვეყანას ენერგიის პოტენციალიც და ა.შ.”, – თქვა ლორთქიფანიძემ.


ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტს წყვეტს. მიზეზად დასახელდა საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაციები.

„ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი აღჭურვილობისა და სხვა საწარმოო დანადგარების არგამოყენება იყო – ჩამოიწერა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებები და აღჭურვილობა“, – ნათქვამია ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში.

საარბიტრაჟო დავა 2024 წელს დასრულდა, რის მიხედვითაც საქართველომ Enka Renewables-ს $383.2 მილიონი უნდა გადაუხადოს.

2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კომპანია „ენკას“ (Enka Renewables LLC) სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ  ქართული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.