შსს: ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები - დაკავებულია 51 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასული 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, „ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები“.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 51 პირი.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები, ასეულობით ვაზნა და ასაფეთქებელი ნივთიერებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.